იაფი პროდუქტები დახლებიდან გაქრა - რა აჩვენა "პირველების" ექსპერიმენტმა
"პირველების" მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ ქსელურ მარკეტებში 15 დასახელების პროდუქტი მუდმივ ფასდაკლებაში არ არის. "TV პირველმა" 6 სუპერმარკეტში გადაამოწმა, გაიაფდა თუ არა პროდუქცია. ნიკორაში არ გვიმალავენ, რომ აქცენტი ისეთ პირველად პროდუქტებზე კეთდება, როგორიცაა კარაქი,ზეთი, ბრინჯი და შაქარი, დანარჩენი პროდუქცია კი ეტაპობრივად ემატება.
ერთია, რას გვეუბნებიან ადგილზე და მეორე, რას გვიმტკიცებენ კომპანია ნიკორაში - სადაც ამბობენ, რომ ფასდაკლებული პროდუქტების რაოდენობა ყოველკვირეულად იცვლება - ამტკიცებენ, რომ ახლა უფრო დიდი ფასდაკლებებია სოციალურ კალათაში შემავალ პროდუქტებზე, ვიდრე აქამდე იყო, თუმცა, ზუსტი ციფრის დასახელება უჭირთ.
ფასდაკლებული პროდუქტები დაგვხვდა "ლიბრეში" - ადგილზე მისულებს გვიყვებიან, რომ ამ ეტაპზე 10-ზე მეტი პროდუქცია ფასდაკლებული, თუმცა, შესაძლოა მუდმივ ფასდაკლებაში 15 ან 20 პროდუქტი არ იყოს. საოჯახო კალათა მაისიდან ამოქმედდა - ფასდაკლებულ პროდუქციაში ერთ კვირას, თუ მაგალითად, 7-ლარიან ზეთს ნახავთ ფასდაკლებულს, მომდევნო კვირას შესაძლოა 29 ლარიან ზეთს შეეხოს აქცია და 7-ლარიანს აღარ.
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებდნენ, რომ საპარლამენტო კომისიის მუშაობამ შედეგი გამოიღო - ქსელური მარკეტების დიდმა ნაწილმა თავად გადაწყვიტა სამომხმარებლო კალათის შექმნა და 15 პროდუქტი მუდმივ ფასდაკლებაში იქნება. თუმცა, მაგალითად, 10 პროდუქტიც კი არ არის "სპარის" სოციალურ კალათაში. მუდმივად იცვლება პროდუქტები ქსელურ მარკეტ "კალათაშიც".