პარიზის სასამართლოში დღეს რუსული წიგნების ქურდობაში ბრალდებული ქართველების საქმის განხილვა იწყება

09.06.26 15:35
პარიზის სასამართლოში დღეს რუსული წიგნების ქურდობაში ბრალდებული ქართველების საქმის განხილვა იწყება

9 ივნისს პარიზის სასამართლოში საქართველოს შვიდი მოქალაქის საქმის განხილვა იწყება. მათ საფრანგეთის ბიბლიოთეკებიდან და წიგნსაცავებიდან იშვიათი რუსული გამოცემების ქურდობა ედებათ ბრალად. შვიდი ბრალდებულიდან ორს დაუსწრებლად აქვს წარდგენილი ბრალი, ხოლო კიდევ ორი სხვა ქვეყნებში ანალოგიური დანაშაულისთვის სასჯელს იხდის და სასამართლო პროცესისთვის საფრანგეთს დროებით გადასცეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები პარიზისა და ლიონის ბიბლიოთეკებში დაცულ ძვირად ღირებულ წიგნებს ოსტატურად დამზადებული ასლებით ანაცვლებდნენ. სამართალდამცველებმა სხვადასხვა დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი იდენტური დნმ-ის კვალი და სხვა მტკიცებულებები დააკავშირეს ერთ სავარაუდო ორგანიზებულ ჯგუფთან, რომელსაც ევროპის სხვა ქვეყნებშიც მსგავსი ქმედებები ედება ბრალად.

საქმის მასალების მიხედვით, მოპარული გამოცემების ნაწილი რუსეთის აუქციონებზეც აღმოჩნდა. ერთ-ერთი ბრალდებული, მიხეილ ზ., ქურდობის ფაქტს აღიარებს, თუმცა უარყოფს სხვა პირებთან კავშირს და აცხადებს, რომ მოტივი ფინანსური სარგებელი იყო.

ფრანგი გამომძიებლების შეფასებით, საქმე ეხება საერთაშორისო მასშტაბის ორგანიზებულ დანაშაულებრივ სქემას, რომლის შედეგად ევროპული ბიბლიოთეკებიდან რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების რარიტეტული წიგნები გაქრა. შვიდივე ბრალდებულს საფრანგეთის კანონმდებლობით 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქმე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა ევროპული ბიბლიოთეკების სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც საქართველოს მოქალაქეები არიან ასახულები. კადრებში ისინი იშვიათი და ძვირად ღირებული გამოცემების დეტალურად დათვალიერებითა და შესწავლით არიან დაკავებულები. ამავე გამოძიების ფარგლებში „შაბათის ეთერმა“ ექსკლუზიური ინტერვიუც ჩაწერა ესტონეთის ციხეში მყოფ ბექა ცირეკიძესთან, რომელიც ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის და მისი შვილი წიგნების ქურდობაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს. მისი მტკიცებით, საქმე ეყრდნობა სხვა ფიგურანტების ჩვენებებს, რომლებიც, ცირეკიძის თქმით, გავლენიანი მფარველების მხარდაჭერით სარგებლობენ.