".... თუ ივანიშვილს მართლაც სურს დასავლეთთან ურთიერთობების შემდგომი გაუარესების შეჩერება, ერთადერთი შანსი პრემიერის შეცვლაა" - ეკა გიგაური
"საერთაშორისო გამჭვირვალო- საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ თუ ივანიშვილს მართლაც სურს დროის მოგება და დასავლეთთან ურთიერთობების შემდგომი გაუარესების შეჩერება, ამის ერთადერთი შანსი სწორედ პრემიერის შეცვლა და მთავრობის განახლებაა.
ეკა გიგაური აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის საგარეო და საშინაო პოლიტიკის აშკარა ჩავარდნების ფონზე, დროის მოგების რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია, რასაც ივანიშვილიც ხვდება და თავად კობახიძემაც აღიარა ირიბად.
"საერთაშორისო გამჭვირვალო- საქართველოს" ხელმძღვანელის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერს არ შეცვლის და მთავრობას არ განაახლებს, "მისი საერთაშორისო იზოლაციის ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება".
მსოფლიოში და, პირველ რიგში, ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე მოვლენების გაანალიზებისა და საქართველოს მიმართ აშშ-ისა და ევროკავშირის სულ უფრო პროგნოზირებადი პოლიტიკის გათვალისწინებით, ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯი, რაც ივანიშვილმა ახლა შეიძლება გადადგას, დროის მოგების მცდელობაა.
თუმცა დროის მოგება სულ უფრო რთული ხდება. ცხადია, რომ კობახიძე და მისი გუნდი ვერც სწორ ნაბიჯებს დგამენ და ვერც დასავლეთის რეაქციების წინასწარ შეფასებას ახერხებენ. საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართულებით სრული კრახი სახეზეა.
გაუგებარია, რით არის დაკავებული საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის მინისტრობის პერიოდში დაახლოებით 300 ადამიანი დასანქცირდა. მან ვერ შეძლო ვერც ამ პროცესის შეჩერება და ვერც მისი მასშტაბების შემცირება. არადა, აშკარაა, რომ უფრო გონივრული პოლიტიკის პირობებში მათი გუნდის ბევრი წევრი ამ სანქციებს საერთოდაც ასცდებოდა.
სანქციები მხოლოდ ნაწილია. არაფერს ვამბობ ასობით რეზოლუციაზე, განცხადებაზე, საერთაშორისო შეფასებასა და ანგარიშზე, რომელთა თავიდან აცილება ან შემსუბუქება ასევე ვერ მოხერხდა. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მათ ხელშია საელჩოები, საგარეო საქმეთა სამინისტროს მთელი აპარატი და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი რესურსები, რომლებიც, როგორც ჩანს, არაეფექტიანად იხარჯება.
ზოგს შეიძლება ჰგონია, რომ ამ აბსურდული კანონების მისაღებად განსაკუთრებული იურიდიული ცოდნა ან პროფესიონალიზმია საჭირო. სინამდვილეში, ასეთი ხარისხის კანონპროექტების დაწერას არც დიდი გამოცდილება სჭირდება და არც განსაკუთრებული კვალიფიკაცია. მით უმეტეს, როდესაც მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უბრალოდ რუსული კანონმდებლობიდან არის გადმოღებული.
მაგრამ ჩავარდნები მხოლოდ საგარეო პოლიტიკით არ შემოიფარგლება. საშინაო მიმართულებითაც შედეგები სავალალოა. ხმაურით შექმნილი ფასების მონიტორინგისა და კონკურენციის მექანიზმებიდან საზოგადოებას ძირითადად მხოლოდ კვერცხის ფასის რამდენიმე თეთრით შემცირება დაამახსოვრდა. ამის პარალელურად, დღის წესრიგშია პოლიტიკური პარტიების აკრძალვის იდეა და ხელისუფლების მხრიდან დემონსტრირებული „ნულოვანი თანაგრძნობა“ ტერმინი, რომელიც ქართული კულტურისა და საზოგადოების ღირებულებებთან სრულიად შეუთავსებელია.
კორუფციასთან „ბრძოლაც“ უფრო პოლიტიკური კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე სისტემურ რეფორმას. როდესაც საქმე რეალურად გავლენიან და მაღალი დონის კორუფციას ეხება, შედეგები არ ჩანს.
სამაგიეროდ, დარტყმა ხშირად გაურკვეველ ფიგურებზე ან სისტემის შიგნით არსებულ კონკურენტებზე მოდის. საზოგადოება ამას კარგად ხედავს. საკმარისია გადავხედოთ თანამდებობის პირთა დეკლარაციებსა და ქონებრივ მდგომარეობას კითხვები გაცილებით მეტია, ვიდრე პასუხები. ასეთი მაგალითები უამრავია და სწორედ ამიტომ, ანტიკორუფციული კამპანია სულ უფრო ნაკლებად გამოიყურება როგორც სამართლიანობის აღდგენის მცდელობა და უფრო მეტად როგორც შერჩევითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტი.
მოკლედ, ივანიშვილის პრემიერის საგარეო და საშინაო პოლიტიკის აშკარა ჩავარდნების ფონზე, დროის მოგების რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია. ამას თავად ივანიშვილიც, სავარაუდოდ, ძალიან კარგად ხვდება. ეს თავად კობახიძემაც ირიბად აღიარა, როდესაც განაცხადა, რომ მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ამერიკას, ის არაკომპეტენტურად მიაჩნია და ივანიშვილს მისი ჩამოშორებისკენ მოუწოდებენ.
თუ ივანიშვილს მართლაც სურს დროის მოგება და დასავლეთთან ურთიერთობების შემდგომი გაუარესების შეჩერება, ამის ერთადერთი შანსი სწორედ პრემიერის შეცვლაა და მთავრობის განახლებაა. სხვა შემთხვევაში, მისი საერთაშორისო იზოლაციის ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება.
ამ კონტექსტში, დღევანდელი პრესკონფერენციის ერთ-ერთი მიზანი, ამერიკასთან დაკავშირებული პრობლემების გადაფარვასთან ერთად, სავარაუდოდ, სწორედ ამ რეალობის ნეიტრალიზების მცდელობაც იყო. როგორც ჩანს, კობახიძე თავადაც კარგად გრძნობს, რომ პრობლემა რეალურია და მისი იგნორირება უკვე შეუძლებელია," - წერს ეკა გიგაური.