"ბრძოლა გრძელდება" - სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულების პირველი რეაქცია გათავისუფლების შემდეგ
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული პირები, რომლებიც საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, დღეს, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ, ამბობენ რომ ბრძოლა გრძელდება.
სერგო მეგრელიშვილმა გათავისუფლების შემდეგ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გვერდში დაუდგა.
ყველას დიდ მადლობას მოვახსენებ, ვინც გვერდში დამიდგა, ჩემს ოჯახს, თანამებრძოლებს, ყველას. გლდანის მე-8 დაწესებულებაში ბიჭებს მოკითხვა... ბრძოლა გრძელდება" - თქვა სერგო მეგრელიშვილმა.
გიორგი ქორქიამ სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ციხეში უსამართლოდ ბევრი ადამიანი ზის.
ბიჭებს მოვიკითხავ ციხეში, რომლებიც ზიან, ბევრი ზის ციხეში უსამართლოდ, ყველა მალე გათავისუფლებულიყოს..." - ამბობს გიორგი ქორქია.
გიორგი რურუას განმარტებით, საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღება რთული არ არის, როდესაც გარეთ 3 წლის შვილი გელოდება.
9-თვიანი ემოციები იყო ენით აღუწერელი იმიტომ, რომ ყველას მოგვეხსენება, ვისაც ოჯახები გვყავს, ძნელია 4 კედელში გამოკეტილი ჯდომა და ყოფნა, მაგრამ ვთვლი, რომ ყველაფერს ვაჟკაცურად გავუძელით და ყველა იმ ადამიანს, ვინც რჩება საპყრობილეში ვუსურვებ, თავისუფლებას, მათ ოჯახებს ვუსურვებ მშვიდობას, ღვთის წყალობას. ჩემი პირველი ემოცია არის ის, რომ მინდა პატრიარქის საფლავზე მისვლა.
სხვა ბრალდებულებების წინააღმდეგ არ ვიცი, ჩემ წინააღმდეგ რაც იყო, ის ვაღიარეთ, დავთანხმდით, მოვაწერეთ საპროცესო გარიგებას ხელი და ახლა ვნახოთ როგორ გაგრძელდება მომავალში ჩვენი ცხოვრება, გამოჩნდება ყველაფერი.
რთული არ არის, როდესაც გარეთ 3 წლის შვილი გეყოლება და გელოდება მაგ დროს რთული არაფერი არ არის.
ჯერ-ჯერობით პატრიარქის საფლავზე მივალ, სანთელს დავანთებ და მერე გამოჩნდება ყველაფერი. ახლა არ შემიძლია გითხრათ როგორ ვაპირებ, რას ვაპირებ, მაგრამ ცხოვრება როგორც დავიწყე, იმას აუცილებლად ესე გავყვები," - თქვა გიორგი რურუამ.
გათავისუფლების შემდეგ ლაშა ივანაძემ აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმება მისთვის ერთი ნაბიჯით უკან დახევა იყო, თუმცა გადაწყვეტილების მიღება არ გართულებია, რადგან ახალ ბრძოლაში შესვლას აპირებს.
ახლა ძაან ემოციური ვარ, ბავშვებთან ერთად ვარ. ყველა პატიმარს თავისუფლებას ვუსურვებ, მალე გარეთ გამოსვლას და საქართველოს გამარჯვებას უპირველესყოვლისა.
ჩემი ეს ნაბიჯი იყო ერთი ნაბიჯით უკან დახევა, მაგრამ ახალი სტრატეგიებით ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა. რთული არ იყო [გადაწყვეტილების მიღება] იმიტომ, რომ ვაპირებ ახალ ბრძოლაში შესვლას," - ამბობს ლაშა ივანაძე.