რუსთავში, ჩხუბის დროს გარდაცვლილი კაცის საქმეზე კიდევ 4 პირი დააკავეს
რუსთავში, ჩხუბის დროს გარდაცვლილი კაცის საქმეზე კიდევ 4 პირი დააკავეს - შსს-ს ცნობით, დაკავებულები ბრალდებულის თანმხლები პირები არიან, რომლებმაც ფიზიკურად იძალადეს გარდაცვლილის მეგობრებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი, ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იძალადა მამაკაცზე. დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის თანმხლებმა პირებმა, ფიზიკურად იძალადეს გარდაცვლილის მეგობრებზე. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსთავში ფიზიკური დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე მდებარე რესტორან „იმპერიაში“ დაწყებული სიტყვიერი კამათი მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა და მამაკაცებს შორის დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა.
ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, 45 წლამდე ასაკის მამაკაცმა სუპერმარკეტის მიმდებარედ ბეტონის საფარს თავი დაარტყა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მალევე მივიდა. ექიმებმა დაშავებულს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.