მერე იქიდან დავიწყებ უფასო კონსულტაციებს - ჩახუნაშვილი არ გამორიცხავს, რომ ციხეში გაუშვებენ
აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც სასახლის ღონის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია, ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ განსასჯელის სკამზე უსაფუძვლოდ ზის.
მისი თქმით, ის მზად იყო საკუთარი პოზიცია სასამართლოსთვის წარედგინა, თუმცა, პროცესი გადაიდო და შესაბამისად, ვერ მოახერხა სიტყვის თქმის უფლებით ესარგებლა.
მომზადებული ვიყავი, რომ უნდა გამოვსულიყავი და მეთქვა ყველაფერი, რაც იყო რეალობა, მაგრამ ვერ მოასწრეს და ალბათ 19-ში დამთავრდება. 80-იან წლებში, მე ვარ პირველი რეანიმატოლოგი, რომელმაც ბაქოს ქუჩაზე რეანიმაცია გააკეთა, სულ ახალგააზრდა ვიყავი, პატარა. მე ვარ მებრძოლი კაცი, თუ ვინმეს სული უდგას, ბოლომდე უნდა იბრძოლო ყველაფრისთვის. ვინც შეწყალებაზე წავიდა, ღმერთმა გაუმარჯოს, კარგი გოგო-ბიჭები არიან, იმათმა ისე ჩათვალეს და გამოვიდნენ გარეთ. მე ესე ვთვლი, რომ ბოდიში რაზე უნდა მოვიხადო, ამიხსენით კარგად, - განაცხადა ჩახუნაშვილმა
ექიმი არ გამორიცხავს, რომ მის მიმართ პატიმრობა იქნება გამოყენებული.
არ გამოვრიცხავ. იქაც საჭირო ვიქნები, თქვენ რომ იცოდეთ და მერე იქიდან დავიწყებ უფასო კონსულტაციებს, - თქვა მან პროცესის დასრულების შემდეგ.
გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ აკადემიკოსის ოჯახის წევრებსაც. როგორც მისი შვილი ამბობს, მიუხედავად იმის, რომ ციხეში ყოფნა ყველას უჭირს, მამამისის ადგილას ის ხელს მაინც არაფერს მოაწერდა.
დიდი შანსია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანონ, მაგის მოლოდინი გვაქვს ჩვენც, ოჯახის წევრებს და თვითონაც. რა თქმა უნდა, ციხეში ყოფნა არავის უხარია, მაგრმა თავის თავთან რომ იგრძნოს რომ მართალია, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს. მე რომ მამაჩემის ადგილას ვიყო, ხელს არაფერს მოვაწერდი, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მაამჩემმა თავისი საქმე თვითონ იცის, - აცხადებს შვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩახუნაშვილის, ია დარახველიძის, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, დავით სტურუას და ზაქრო ალბუთაშვილის პროცესი დასრულდა. შემდეგი სხდომა 19 ივნისს ჩაინიშნა.
დღევანდელ პროცესზე 7 ბრალდებულიდან ერთ-ერთმა, ზაქრო ალბუთაშვილმა საპროცესო შეთანხმების თხოვნით პროკურატურას მიმართა, რის გამო განაჩენის გამოცხადება გადაიდო.
- 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუას, ზაქრო ალბუთაშვილს, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- ია დარახველიძე და გიორგი ჩახუნაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.
- 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.