დაკავებულია 3 პირი, რომლებმაც სააგარაკე სახლების მშენებლობაზე ფიქტიური გარიგებები დადეს და 164 000 ლარი მიისაკუთრეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოქალაქეებს მცირე სააგარაკე სახლების მშენებლობასა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდნენ, დამკვეთებთან გააფორმეს ფიქტიური გარიგებები და მათგან ჯამში 164 000 ლარი მიიღეს, რაც სრულად მიისაკუთრეს.
- სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.