შსს-ს მიხედვით პოლიციის განყოფილებაში შეიძლება ადამიანები აწამონ, რომლებიც ყვირიან და ეს არავინ გაიგოს? - ბურჯანაძე
შსს-ს მიხედვით პოლიციის განყოფილებაში შეიძლება ადამიანები აწამონ, რომლებიც ყვირიან და ეს არავინ გაიგოს? -ასე ეხმაურება პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველ კადრებს იურისტი გიორგი ბურჯანაძე.
კადრები გუშინ "ნოდარ მელაძის შაბათმა" გაასაჯაროვა.
იმ განყოფილებას არ ჰყავს პასუხისმგებელი პირი? განყოფილებაში ხმა არ გადიოდა? ეს პირი ისე შეიყვანეს და გაიყვანეს, რომ არავინ პასუხისმგებელმა პირმა ეს არ იცოდა?
როგორ შეიძლება განყოფილებაში ვინმეს სცემონ და ეს არ იცოდეს ამ ერთეულის პასუხისმგებელმა პირმა? კამერები აყენია იქ.
2025 ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატმა შემთხვევითი შერჩევით შეარჩია 297 საქმე და აქედან 54-ში აღმოაჩინა რომ ადამიანს დაკავების ოქმში არ ეწერა დაზიანება, მაგრამ იზოლატორში შესახლებისას ჰქონდა დაზიანება. საიდან გაჩნდა ეს დაზიანებები?!" - წერს გიორგი ბურჯანაძე.
"ნოდარ მელაძის შაბათმა" პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)
გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ეთერის" ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა. უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.
შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.