მოპარული წიგნების სკანდალი - პარიზის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეები დამნაშავედ ცნო
მოპარული წიგნების სკანდალი - პარიზის სასამართლომ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეებს დამნაშავედ ცნო. გამოცემა Le Monde-ს ინფორმაციით, საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
- სასამართლომ ექვსი ბრალდებული, ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი, დამნაშავედ ცნო დანაშაულის ჩადენის მიზნით კრიმინალური შეთქმულების მოწყობაში. ასევე, ბრალდებულთაგან რამდენიმე მათგანი კულტურული ობიექტის ქურდობისთვის გაასამართლეს.
Le Monde წერს, რომ ორი მათგანი დაუსწრებლად გაასამართლეს, რადგან ისინი უკვე საქართველოში არიან დაკავებულები. ასევე, ორი ბრალდებული, მიხეილ ზამთარაძე და ბექა ცირეკიძე მსგავსი დანაშაულებისთვის სხვა ქვეყნებში არიან გასამართლებული და საფრანგეთს დროებით გადასცეს.
50 წლის მიხეილ ზამთარაძეს ყველაზე მკაცრი სასჯელი, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დეპორტაციის შემდეგ საფრანგეთში შესვლა სამუდამოდ აეკრძალა.
- მიხეილ ზამთარაძეს გასულ წელს ლიეტუვაში სამი წლით და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა უკვე მიუსაჯეს.
49 წლის ბექა ცირეკიძეს, რომელსაც ესტონეთში სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, დამატებით ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საფრანგეთის ბიბლიოთეკებიდან და წიგნსაცავებიდან იშვიათი რუსული გამოცემების ქურდობის საქმეზე პარიზის სასამართლოში განხილვა 9 ივნისს დაიწყო.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები პარიზისა და ლიონის ბიბლიოთეკებში დაცულ ძვირად ღირებულ წიგნებს ოსტატურად დამზადებული ასლებით ანაცვლებდნენ. სამართალდამცველებმა სხვადასხვა დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი იდენტური დნმ-ის კვალი და სხვა მტკიცებულებები დააკავშირეს ერთ სავარაუდო ორგანიზებულ ჯგუფთან, რომელსაც ევროპის სხვა ქვეყნებშიც მსგავსი ქმედებები ედება ბრალად.
საქმის მასალების მიხედვით, მოპარული გამოცემების ნაწილი რუსეთის აუქციონებზეც აღმოჩნდა. ერთ-ერთი ბრალდებული, მიხეილ ზ., ქურდობის ფაქტს აღიარებს, თუმცა უარყოფს სხვა პირებთან კავშირს და აცხადებს, რომ მოტივი ფინანსური სარგებელი იყო.
ფრანგი გამომძიებლების შეფასებით, საქმე ეხება საერთაშორისო მასშტაბის ორგანიზებულ დანაშაულებრივ სქემას, რომლის შედეგად ევროპული ბიბლიოთეკებიდან რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების რარიტეტული წიგნები გაქრა. შვიდივე ბრალდებულს საფრანგეთის კანონმდებლობით 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.