უჩა ნანუაშვილი: არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების ნაცვლად პოლიციელების წახალისება ხდება

14.06.26 13:43
უჩა ნანუაშვილი: არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების ნაცვლად პოლიციელების წახალისება ხდება

 

 

ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველოში პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიება არ მიმდინარეობს. მისი თქმით, ასობით დაწყებული გამოძიების მიუხედავად, სამართლებრივი დევნა მხოლოდ რამდენიმე პოლიციელის მიმართ დაიწყო.

ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს პოლიტიკური ნება, რათა ძალადობის ფაქტები სრულად აღირიცხოს და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. მისი თქმით, არსებული პრაქტიკა არა მხოლოდ დაუსჯელობის განცდას აძლიერებს, არამედ მსგავსი ქმედებების წახალისების რისკსაც ქმნის.

სურვილი, პოლიტიკური ნება ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს იმისთვის, რომ მოხდეს ამ დაზიანებების აღრიცხვა იმისთვის, რომ შემდეგ მოხდეს რეაგირება კონკრეტულად. როდესაც 196 საქმესთან დაკავშირებით, არასათანადო მოპყრობის საქმესთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, მხოლოდ 6 პოლიციელის მიმართ დაიწყო დევნა. ანუ 196-დან 6ის წინააღმდეგ დევნის დაწყება, ესეც პროცენტულად ძალიან ნათლად უჩვენებს იმას, რომ პროკურატურა არ არის დაინტერესებული, არც პოლიციაა დაინტერესებული, რომ ასეთი საქმეები გაიხსნას. ფაქტობრივად, ეფექტური გამოძიება ქვეყანაში არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე არ ხორციელდება, პირიქით, მიზანმიმართულად, მაქსიმალურად ხდება იმ პოლიციელების წახალისება, მათი დაჯილდოება, რომელიც ჩვენ ვნახეთ კიდეც რამდენიმე თვის წინ, - ამბობს უჩა ნანუაშვილი. 

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიხედვით, მოქალაქეების მიმართ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შემთხვევების შემდეგ, დარღვევების დაფარვისა და არასათანადო დოკუმენტირების პრობლემები კვლავ მწვავედ დგას. ომბუდსმენის აპარატმა 54 შემთხვევა გამოავლინა, როდესაც დაკავების ოქმებში პირების დაზიანებები საერთოდ არ იყო ასახული, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორებში სხეულის თვალსაჩინო დაზიანებებით ხვდებოდნენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი პრაქტიკა ძალადობის ფაქტების ეფექტიან გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენას მნიშვნელოვნად აფერხებს.