სარჩელის დაკმაყოფილება „პანდორას ყუთს“ გახსნის - მაია კოპალეიშვილი
საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ მიერ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი სარჩელის განხილვა გრძელდება.
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა სასამართლოს პლენუმს მოუწოდა, რომ არ დააკმაყოფილოს აღნიშნული სარჩელი, რადგან მმართველი პარტიის მოთხოვნა თითქმის მთლიანად ეყრდნობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელიც თავად მოსარჩელეების მიერ არის დაწერილი.
სამართლებრივ არგუმენტებზე საუბრისას , „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა თქვა, რომ "ქართული ოცნებჯს" მიერ მომზადებული სარჩელი არ შეიცავს საკმარის მტკიცებულებებს, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გაამართლებდა.
ყოფილმა მოსამართლემ სასამართლოს მოუწოდა, თითოეული პარტიის საქმე ინდივიდუალურად შეაფასოს.
„ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დოკუმენტი აქვს და პოლიტიკური მიზანი აქვს. თითოეული ხარვეზი დამოუკიდებლად საკმარისია, რომ კომისიის მასალები კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად ჩაითვალოს. პარლამენტის 2025 წლის 3 სექტემბრის დადგენილება და კომისიის მიერვე წარმოებული მასალა დამოუკიდებლად არსებული დოკუმენტები, რომლებზეც დასკვნა უთითებს კომისიის მიერ ციტირებით არ დასტურდება და არც კანონიერია. ისინი საქმეში მხოლოდ თავისი სახელით, მოსარჩელის მიერ წარდგენისა და ამ წარმოებაში გამოკვლევის შემდეგ შემოდის. მოპოვების ხარვეზი შემდგომი აქტებით არ იკურნება და ქართული სამართალი ამაზე მკაცრიც არის.
ამისგან დამოუკიდებლად, დასკვნა და მისი დამამტკიცებელი საპარლამენტო აქტები, სასამართლო ფაქტის დადგენის საფუძველი იმიტომაც ვერ იქნება, რომ მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა ფაქტობრივად მოსამართლე გახდება საკუთარ საქმეში“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.
მისი თქმით, პარტიის აკრძალვა ზღუდავს ამომრჩევლის ძირითად უფლებებს, ხოლო სარჩელში მოყვანილი არგუმენტები (არჩევნების შედეგების არაღიარება, საპარლამენტო ბოიკოტი და მანდატებზე უარი) ევროპული სტანდარტით დაცული პოლიტიკური საქმიანობაა და არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიის გაუქმების საფუძველს არ ქმნის.
"პოლიტიკური პარტიის აკრძალვა ძირითადი უფლებების შეზღუდვასაც ეხება, როგორიც არის ხმის მიმცემთა უფლების შეზღუდვა - მათთვის სასურველი პოლიტიკური პარტია გაქრება პოლიტიკური ველიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი აკრძალვის შემთხვევაში. ჩვენ ვითხოვთ, რომ სარჩელი მოპასუხის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სასამართლომ თავისვე განცხადების შესაბამისად კომისიის დასკვნის ფაქტები გამოკვლევის გარეშე დადგენილად არ მიიჩნიოს. თითოეული მოპასუხის საქმე, ცალ-ცალკე შეაფასოს და 2004-2008 წლების სახელმწიფო პოლიტიკაზე ფაქტობრივი დასკვნებისგან თავის შეიკავოს"- თქვა კოპალეიშვილმა.
კოპალეიშვილი ამბობს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება „პანდორას ყუთს“ გახსნის. „კოალიცია ცვლილებისთვის“ სასამართლოსგან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.
„დასკვნის მიმღები კომისიის რვავე წევრი, სარჩელების შეტანის დროს პარლამენტის წევრია და 8-ვე ნომერი 1979 სარჩელის ხელმომწერია, ხოლო დასკვნის, ე.წ. დამამტკიცებელი დადგენილების ხმის მიმცემები მოსარჩელეთა ჯგუფს ქმნიან. შესაბამისად, კომისიის მასალები არა სხვა კონსტიტუციური ორგანოს აქტია, რომელსაც სასამართლო გარე წყაროდ აღიქვამდა, არამედ მოსარჩელის სასარჩელო მტკიცება, პარლამენტის დადგენილების ფორმაში მოთავსებული.
ფორმულა „დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებით“ იმას ნიშნავს რომ მოსარჩელე საკუთარ მტკიცებას საკუთარივე შექმნილი ტექსტით ადასტურებს. მხარის მიერ შედგენილ შეფასებით დოკუმენტს მასში აღწერილი ფაქტების მიმართ წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს და სასამართლოში მათ დამოუკიდებელ გამოკვლევას ვერ ჩაანაცვლებს“, — განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
ამასთან, ყოფილი მოსამართლის თქმით, არჩევნების შედეგების არაღიარება და საპარლამენტო ბოიკოტი - აღნიშნული, ევროპული სტანდარტით დაცული პოლიტიკური საქმიანობაა, მანდატზე უარი კი კონსტიტუციის 39-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენებაა.
ის შესადარებელი შემთხვევები, რომლებსაც მოსარჩელე პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“ თავად იმოწმებს: მოლდოვა, უკრაინა და გერმანია საპირისპიროს ადასტურებს. იქ აკრძალვა ძალადობას, უცხო სახელმწიფოსადმი- რუსეთის ფედერაციისადმი დაქვემდებარებას და აგრესიის მხარდაჭერას ეფუძნებოდა და იქ, აგრესორის მხარდამჭერი ან ტოტალიტარული პლატფორმები აიკრძალა, ანტიკონსტიტუციური, მაგრამ უპოტენციალო პარტია კი არა, აქ კი, პროდასავლური [პარტიების] აკრძალვას ითხოვს მოსარჩელე“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.