ახმეტაში, ტბაში შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი დაიხრჩო
ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. ტრაგედია სოფელ ჩაჩხრიალაში მდებარე ტბაზე მოხდა, სადაც, არსებული ინფორმაციით, მამა შვილის გადარჩენას ცდილობდა. ინფორმაციას იპნ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, ბანაობის დროს არასრულწლოვანი მორევში მოჰყვა. მის დასახმარებლად წყალში შესულმა მამაკაცმა შვილის გამოყვანა შეძლო, თუმცა თავად ნაპირზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა და დაიღუპა.
მოზარდის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მომხდარის გარემოებებს შესაბამისი უწყებები სწავლობენ.