სიბიჰა: ლავრაზე თავდასხმით პუტინმა სამუდამოდ შეიყვანა თავისი სახელი ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში
უკრაინა საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მსოფლიოს დედაქალაქებისგან მოითხოვს სწრაფ და ადეკვატურ პასუხს კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის თავდასხმის გამო - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ 15 ივნისს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ სიწმინდეზე, კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით „პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში“.
სიბიჰა ყველას შეახსენებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, იუნესკოს ფარგლებში სასწრაფოდ იწყებენ შესაბამისი პროცედურების ინიცირებას და სხვა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას.
კიევზე მტრის მასშტაბური შეტევის შედეგად, ქალაქის თითქმის ყველა რაიონში ნგრევა და ხანძარი დაფიქსირდა. სასწრაფო დახმარების სამსახურები დაახლოებით 50 ლოკაციაზე მუშაობენ - ინფორმაციას დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. დაღუპულია 4 და დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
ექიმების ცნობით, 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ბავშვი და ორსული ქალია. დაშავებულთაგან სამი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია. ობოლონსკის რაიონში რამდენიმე საცხოვრებელი შენობა და საწყობი დაზიანდა. ნანგრევების ადგილებში ხანძარი გაჩნდა და დაახლოებით 30 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
პოდილსკის რაიონში, ხანძარი გაჩნდა კერძო საცხოვრებელ შენობასა და სამსართულიან შენობაში.
სოლომიანსკის რაიონში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. ასევე არსებობს ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ.
პეჩერსკის რაიონში საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები დაზიანდა. ხანძარი გაჩნდა საერთო საცხოვრებელში. კიევ-პეჩერსკის ლავრის ტერიტორიაზეც ხანძარი იყო - მიძინების ტაძრის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
დნეპრის რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, დესნიანსკის რაიონში კი ხანძარი გაჩნდა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე...
მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში 140 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
დაშავებულებისა და ნგრევის მასშტაბის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე მუშაობს ყველა საჭირო სამსახური." წერს კლიჩკო.