დავით მიქაძე და კიდევ 2 პირი ამჯერად დამნაშავედ ადვოკატის მუქარის გამო ცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულები დავით მიქაძე, დავით ჩუბინიძე და ლაშა მაისურაძე დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ლაშა მაისურაძე, ძებნილ დავით მიქაძესთან წინაწარი შეთანხმებით, შეხვდა ადვოკატს, მიაწოდა მობილური ტელეფონი და უთხრა გასაუბრებოდა დავით მიქაძეს, რომელიც საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.
სასამართლომ დავით მიქაძეს 10 წლით, დავით ჩუბინიძეს 9 წლით, ხოლო ლაშა მაისურაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის დასაწყისში, დავით ჩუბინიძემ დავით მიქაძესთან შეთანხმებით აიძულა ვახტანგ კობიაშვილი, მისთვის იმ სახლის გასაღები გადაეცა, სადაც ცეცხლსასროლ იარაღებს ინახავდა, შემდეგ კი პოლიციისთვის მიემართა და იარაღების თითქოსდა დაუდგენელი პირის მიერ ქურდობის ფაქტის შესახებ განეცხადებინა.
იარაღების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემდეგ, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე დაზარალებულ ვახტანგ კობიაშვილს შეხვდნენ და დაუსვეს კითხვები სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შესახებ, რა დროსაც კიდევ ერთხელ დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდან იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს პოლიციას შეატყობინებდა.
დავით მიქაძემ და დავით ჩუბინიძემ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან ერთ-ერთი, GLOCK – 42 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, დავით ღოღელიანზე გაასაღეს, რომელიც ამოღებულია მისივე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად. დავით ღოღელიანი სამართალდამცველებმა დააკავეს.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ლაშა მაისურაძე, ძებნილ დავით მიქაძესთან წინაწარი შეთანხმებით, შეხვდა ადვოკატს, მიაწოდა მობილური ტელეფონი და უთხრა გასაუბრებოდა დავით მიქაძეს, რომელიც საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას.
დავით ჩუბინიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად) და 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), ლაშა მაისურაძეს ბრალდება 365-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად), დავით მიქაძეს ბრალდება 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად), 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 365-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად დავით მიქაძეს 10 წლით, დავით ჩუბინიძეს 9 წლით, ხოლო ლაშა მაისურაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.