"მთავრობამ აღიაროს, რომ დამარცხდა" - სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულების საბოლოო სიტყვა სასამართლოზე

15.06.26 14:30
"მთავრობამ აღიაროს, რომ დამარცხდა" - სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულების საბოლოო სიტყვა სასამართლოზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული 8 პირის - ზურა ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანის, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშის, რამაზ მამულაძის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. 

  • ამ კონკრეტულ საქმეზე რამდენიმე ბრალდებულმა სერგო მეგრელიშვილმა, გიორგი რურუამ, გიორგი ქორქიამ, ლაშა ივანაძემ, ლევან ჯიქიამ, ხვიჩა გოგოხიამ საპროცესო შეთანხმება დადო და ბრალის აღიარების სანაცვლოდ, მათ გასულ კვირაში პატიმრობიდან თავისუფლება მოიპოვეს.

საქმეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი იხილავს - მან დღეს შესაძლოა განაჩენი გამოაცხადოს. ცოტა ხნის წინ, სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა. 

დაკავებულებმა თქვეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობენ წარდგენილ ბრალში, არ აპირებენ აღიარებას და თვლიან, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ქვეყნის უკეტესი მომავლისთვსი გამოვიდნენ - "მთავრობა ამბობს, გვაღიარეთო - მივმართავ მათ, მთავრობამ აღიაროს, რომ დამარცხდა და ჩაატაროს არჩევნები".

ვლადიმერ გველესიანის საბოლოო სიტყვა:

“ნოდარ მელაძის ეთერში რაც ვნახე, ამაზრზენია.... დავუბრუნებდი საქმეს - ვინც ხელისუფლებაშია, არავინ კითხულობს, რატომ გამოვხატავდით პროტესტს…

ჩემი დაკავება სასაცილო კი არაა, შოუ დამიდგეს სახლში...

ერთი თითიც კი, სუბიექტზე კი არა, ობიექტზეც არ მაქვს დაკარებული.

თურმე ღობე გადავანგრიე, ერთი კადრიც არ არსებობს, რომ ღობეს ფიზიკურად შევხებოდი, ან ვინმეზე მეძალადა ან ამის მცდელობაც მქონოდა. რომ მდომებოდა, თქვენი აზრით, ვინმე გამაჩერებდა? წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ძალადობის! ერთი ფაქტი არ მოუყვანია მოწმეს, ეს ადამიანი ჩემზე ძალადობდა, შეურაცხყოფას მაყენებდა, ან რამეს ისროდაო, მაგრამ პროკურატურა 8 თვეა მიმტკიცებს, დამნაშავე ხარო. რაში ვარ დამნაშავე? როგორ შეიძლება აქციაზე დგომის გამო ადამიანს პროკურატურიდან 6 წლიანი ბრალი მოუტანო? ამ ბიჭებიდან არც სატელეფონო, არც ისე, არასდროს მქონია შეხება, გარდა იმისა, რომ 8 თვეა, ციხე-სასამართლოს გზაზე ერთად დავდივართ.

არ მრცხვენია და არ ვნანობ, რომ სამშობლოს სიყვარულის გამო მიწევს აქ ყოფნა...

კობახიძე დაგვპირდა სიურპრიზს მოგიწყობთო და მოაწყო. ექსპერტი მოვიდა, კითხვა, დავუსვი და ვერ გამცა პასუხი, რისი ექსპერტი იყო.

ბრალდებულის სტატუსი მაქვს და კობახიძე ამბობს, დამნაშავეები არიან და თუ მოაწერენ საპროცესო შეთანხმებას ხელს, გარეთ გავლენო. ვინ მისცა მას ამის უფლება? მე არ ვარ დამნაშავე, მე ვარ ბრალდებული!

სიცილით შევხვდები ჩემს განაჩენს, არა სასამართლოს უპატივცემლობის გამო, ეს იქნება დიდი სპექტაკლი, სადაც გამასამართლებენ და მე ვიქნები ტუსაღი! ჩემს შვილებს ვეტყვი, სახლში პირველი ჭიქა სამშობლოს სადღეგრძელო დალიეთ, რაც გასწავლეთ, არ გადაუხვიოთ, იყავით პრინციპულები!” - განაცხადა გველესიანმა.

ალექსანდრე ჩილაჩავას საბოლოო სიტყვა:

“როგორი არალოგიკურია პროკურატურა, ამის დამტკიცება მსურს. ორგანიზატორებად და მომწოდებლად ისეთი ხალხი შემოგვაჩეჩეს, რომლებთანაც არანაირი კავშირი არ მქონია. ჩემი გამოსვლის პირველი მიზეზი ბატონი კობახიძე იყო, როცა უარი თქვა ევროპულ კურსზე და საზოგადოებას განუცხადა, რომ არ აპირებს ქართველი ხალხის არჩევანს მიჰყვეს. ამის შემდეგ გამიჩნდა პროტესტი...

ჩემი მისვლის დროს ღობე ჩამონგრეული იყო და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ხალხი, რომელიც თურმე დამხობას აპირებდა, ეზოში არ შედიოდა... ჯერ იყო და მოიყვანეს მოწმე, “ბალგარკის” მოწმე, რომელმაც არ იცოდა, რა შემადგენლობის იყო ღობე... პროკურორმა შედუღების ადგილას იყო გადამტვრეული ბოძიო, გადაეღოთ სურათი, ხომ ვნახავდით. მავთულით იყო ღობე გადაბმული, ყველამ ვნახეთ. დაცვის უფროსს დავუსვი შეკითხვა, არ გაგკვირვებიათ ასე უცებ რომ დაიმტვრა-მეთქი? არ გაკვირვებია, რადგან იცოდა, ასე მოხდებოდა. ღობე გადაჭრილი რომ არ ყოფილიყო, ახლოს დადგებოდნენ [დაცვის თანამშრომლები], ეს ზუსტად გამიზნული იყო, რომ ხალხი ხაფანგში გაბმულიყო. თუ სტრატეგიული ობიექტი იყო, ღობე ასეთი მოყანყალებული რატომ იყო?

არც ციხის მეშინია, პირველივე დღიდან ამისთვის მზად ვიყავი, ყოველდღე იყო მუქარა დაჭერის. ამ მშვიდობიან პროტესტზე ჩემი ნებით წავედი. ჩემთვის შეურაცხმყოფელია, რომ ვიღაცამ დამიძახა. დიდი პატივისცემა ბურჭულაძეს, ქვეყანა ასახელა, მაგრამ ამ კაცს არც კი ვიცნობ. არც აქ მყოფებს ვიცნობ. ერთი ვიდეო არ არსებობს, რომ რაღაცას ვისვრი, ვამტვრევ, მაგრამ 8 თვეა ვზივარ და ვეძებ სამართალს. სულ მესმის, სასამართლო დამოუკიდებელიაო, თქვენგანაც პატივცემულო მოსამართლე, მაგრამ საყვედური ან ადვოკატებზეა, ან ჩვენზე, პროკურორის მიმართ ერთხელაც არ მოგვისმენია....

მთავრობა ამბობს, გვაღიარეთო - მივმართავ მათ, მთავრობამ აღიაროს, რომ დამარცხდა და ჩაატაროს არჩევნები.... ყველა დაიჭირეს, ერთი ოპოზიციური ლიდერი არ არის გარეთ, ხალხს ედავებით იმას, რასაც თავად აკეთებთ, ქვეყნის მტრები ხართ!

ერთ ექსპერტზე მინდა ყურადღება გავამახვილო - ქუჩაზე კამერები დაწეული იყო, ასფალტს უყურებდაო. დამიმტკიცეთ, რომ ეს აქციის მონაწილეებმა დაწიეს და თქვენ არ დაწიეთ. ზღაპრებშიც უნიჭოები არიან.... საერთოდ არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, პირიქით, თქვენ მიგიძღვით დიდი როლი, რომ 8 თვეა ციხეში ვართ...

ძალადობის წინააღმდეგი ვარ, სიჯიუტით, უკან არ დახევით, გამარჯვებას მალე ვიზეიმებთ. იმედს ვიტოვებ, სასამართლო მიუკერძოებელია. დიდი იმედი მაქვს, გამამართლებელ განაჩენს გამოიტანთ”, - განაცხადა ჩილაჩავამ.

გენადი კუპრეიშვილის საბოლოო სიტყვა:

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი ოჯახური მდგომარეობა გაითვალისწინა, ვინც თითოეული თეთრით დახმარება გაუწია ჩემს ოჯახს. მადლობა, ვისაც გული შესტკიოდა ჩემი პატიმრობის გამო, მინდა ისინი დავლოცო.
თქვენზეც ვლოცულობ [მიმართავს მოსამართლესა და პროკურორს], თქვენ ჩემი მდგომარეობა, კანონიერად ან უკანონოდ, ვერ გაითვალისწინეთ ან არ გაითვალისწინეთ, უფალმა შეგინდოთ.
ჩემი აქ ყოფნის მიზეზი უსამართლობაა, რომელიც ამ ქვეყანაში სუფევს - არჩევნები არის გაყალბებული! ჩემთვის არჩევანი არის მონობასა და თავისუფლებას შორის. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება.
არჩევნებში ზოგს ძალით აიძულებენ ხმის მიცემას გარკვეულ კანდიდატზე, ზოგს ფულს სთავაზობდნენ, ზოგს აშინებდნენ, ეს ჩემთვის ამაზრზენია. რაც შეეხება ამ მთავრობას, მიტაცებული აქვს ყველა ინსტიტუტი. იმედი მაქვს, სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება და ამ ყველაფერს გასცემს პასუხს. მივექანებით რუსეთისკენ, ვაგინებთ და ვლანძღავთ ევროპას, ვაქებთ რუსეთს. 
გული მწყდება, რომ სასამართლოს იმიჯი ზიანდება. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. პატივცემულო მოსამართლე, ლეგიტიმური კითხვა მებადება ხოლმე, მოსამართლე არის დამოუკიდებელი?
ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი და იმ დროს დამაკავეს. დავებარებინე გამოკითხვაზე და მივიდოდი, გამოძიება არათანმიმდევრულად მოიქცა, თითქოს მე ვიყავი ქვეყნის დამქცევი და ტერორისტი... 3 წამზე მეტი არ იყო, ღობეს რომ ვაჯანჯღარებდი და ღობე გადაინგრა. იქ სპეცრაზმი რომ დამენახა, არ გავეკარებოდი. მე სრულიად ხელშიშველი ვიყავი, აირწინაღიც არ მქონდა.
დამნაშავე არ ვარ და არც საპატიებელი არაფერი მაქვს, დამნაშავე არის ეს მთავრობა. ბატონო მოსამართლე, მოვაწერდი საპროცესო შეთანხმებას ხელს, მაგრამ იქ დამთავრდებოდა ჩემი თავისუფლება! მე თავისუფალი ადამიანი ვარ! მალე ფიზიკურადაც თავისუფალი ვიქნები!“ — განაცხადა გენადი კუპრეიშვილმა.

რამაზ მუმლაძის საბოლოო სიტყვა:

“ეს არის პროკურატურის მიერ უტიფარი ბრალდებები და თეთრი ძაფით ნაკერი... ჩვენ, როგორც ბრალდებულებს ჩვენი უდანაშაულობის მტკიცება არ უნდა გვიწევდეს, მტკიცების ვალდებულება პროკურატურას აქვს, მან არ თქვა, ჩვენ კონკრეტულად რას ვაკეთებდით.

ბატონო მოსამართლე, მინდა გესაუბროთ, როგორც ადამიანი, რომლის ბედიც თქვენს ხელშია - მე შემომთავაზეს მარტივი გზა, გამეფორმებინა საპროცესო შეთანხმება და სახლში წავსულიყავი, მაგრამ აქ ვდგავარ! მე ბრალს არ ვაღიარებ, რადგან რასაც მედავებიან, ის არ არსებობს!.. შენობაში შეღწევა ჩემი მიზანი რომ ყოფილიყო, ამაში ხელს არავინ მიშლიდა, ჩემი მიზანი ძალადობა არ ყოფილა, მე არ ვარ კრიმინალი! დღეს მე არ ვიცავ თავს, ამ დარბაზში წყდება, რამდენად არის სამართალი. სად არის მტკიცებულება? სად ისმის ჩემი ხმა, რომ ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებ? არ არსებობს კადრი და მოწმე, რომელიც ამას იტყვის. ბრალდება წერს - “ისროდნენ სხვადასხვა საგნებს” - მე ვის რა ვესროლე? აჩვენეთ სასამართლოს, რა ვისროლე? რითი ამტკიცებს ბრალდება ამ მძიმე ბრალს, ჰაერში ნასროლი სიტყვებით?.. რამდენჯერმე შევაჯანჯღარე ჭიშკარი, ეს იყო ემოციური ამოფრქვევა და არა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა... ყველაფერი შეთითხნილია, რომ დაგვაბრალონ ის, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ყველანაირი მტკიცებულების გარეშე ვართ ყველანი ერთ ქვაბში ჩაყრილები”, - განაცხადა მამულაძემ.

ანტონ ვარდანიძის საბოლოო სიტყვა: 

ძალიან ძნელია 60 წლის ასაკში ციხეში მოხვედრა, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს მიმახვედრა. ვაგრძელებთ ცხოვრებას და ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე... მონა არ ვყოფილვარ, ამაყი ქართველი ვიყავი სულ, მეამაყებოდა რომ ქართველი ვარ! ამიხსენით, რამე გაქვთ ჩემს წინააღმდეგ? მე ვიყავი მშვიდობიან აქციაზე. საქართველო მიყვარხარ, გფარავდეს ღმერთი", - განაცხადა ვარდანიძემ.

სულხან ტუღუშის საბოლოო სიტყვა: 

არანაირ ორგანიზებულ ჯგუფში არ ვიღებდი მონაწილეობას და არანაირი სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება არ გვქონია მიზნად. წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ. სასამართლოში შევხვდი ამ ბიჭებს, მშვიდობიან მიტინგზე ვიყავი გასული. მშვიდობიანი მიტინგის შესახებ გავიგე ტელევიზიით",- განაცხადა ტუღუშმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები