რას ამბობს ქალი, რომელიც საზმაუდან გავრცელებულ ვიდეოში ფიგურირებს
ანი ჩინჩალაძე ის ადამიანია, რომელიც პირველი არხიდან გავრცელებულ ვიდეოში ფიგურირებს და რომელზედაც კითხვები საზმაუს ბორდის სხდომაზე დაისვა.
როგორც ლიკა შავგულიძე - ბასილაიამ თქვა, ერთ-ერთი მშობლისგან აქვს ინფორმაცია, რომ ჩინჩალაძე იმყოფებოდა სტუდიაში, როდესაც მუსიკალური ნომერი მიმდინარეობდა. ის არის პედაგოგი და მისი თქმით, სწორედ მან ანიშნა ხელით ბავშვებს რაღაც, რამაც კითხვის ნიშნები გააჩინა.
მისი ვინაობით დაინტერესდა ვასილ მაღლაფერიძეც და მოიკითხა, იყო თუ არა დაშვებული საშვი მისთვის.
როგორც ირკვევა, ჩინჩალაძე მუსიკის პედაგოგია და აკადემიას ცოტა ხნის წინ შეუერთდა. როგორც ის ამბობს, ნამდვილად იმყოფებოდა გადაცემის ჩაწერის დროს სტუდიაში, თუმცა, უარყოფს, რომ დაინახა ბავშვის დაცემა.
როგორც ჩინჩალაძე “პირველებს“ ეუბნება, მისი ჟესტი, რომელიც კადრებში ჩანს, მხოლოდ ბავშვების მობილიზებას ეხებოდა და არა რაიმე კონკრეტული ინციდენტის გარკვევას.
დაცემის მომენტი, ან რამე არ შემიმჩნევია, აქეთ ვიყურებოდი. იმ მომენტში, მართლა არ ვიცი, სად ვიყურებოდი, მაგრამ რაღაც მომენტში მახსოვს, რომ ბავშვებს ვუყურებდი. მინუსი მაქვს თვალში და ზუსტად ვერ ვხედავდი ყველაფერს. სიცარიელეც არ შემიმჩნევია, რომ სადღაც ბავშვი აკლდა, დავინახე, რომ თავს აქეთ-იქით ატრიალებდნენ. მაგათმა იცოდნენ, რომ კამერისთვის უნდა ეყურებინათ, რომ აეღოთ კადრი. გვერდით რომ იყურებოდნენ, ვიფიქრე კამერებს უყურებენ და ეძებენ-მეთქი, ბავშვების ამბავი ხომ იცით, პირველად რომ არიან ეთერში და ამდენი კამერა მოძრაობს, იბნევიან და იყურებიან ხოლმე. მივანიშნე, რატომ იყურებით, კითხვის ნიშნის სახით, რამე ხომ არ მოხდათქო, ამის კითხვა მინდოდა ხელით, მაგრამ ბავშვებმაც არაფერი მანიშნეს, ხომ შეეძლოთ ენიშნებინათ, რომ ქვემოთ რაღაც ხდებაო. ბავშვის წაქცევა მართლა არ შემიმჩნევია, რომ მორჩა სიმღერა და გაითიშა ეთერი, ყველა ბავშვი შეტრიალდა, ახლოს ვინც იყო ხალხი, მისცვივდნენ და მეც მივედი, რა ხდებათქო. რომ დავინახე, ანკას უკვე აყენებდნენ, -ამბობს ჩინჩალაძე.
საზოგადოებრივ მაუწყებელში ბორდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც 10 წლის გოგონას დაცემის საკითხს განიხილავენ.
კადრებმა, სადაც ჩანს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში 10 წლის გოგონა დაეცა, ხოლო მის დასახმარებლად რეაგირება რამდენიმე წუთის განმავლობაში არავის მოუხდენია, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ინციდენტი 9 ივნისს დღის გადაცემაში მოხდა, როცა "პირველ არხზე" "სიმღერის აკადემიის" წევრები იყვნენ მიწვეულები.
ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერ გადაღებული უწყვეტი კადრიდან ჩანს, რომ ბავშვის დაცემის შემდეგ, ნომერი ჩვეულებრივ გაგრძელდა და მოზარდი მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში იატაკზე იწვა.
განცხადება გაავრცელა პირველმა არხმა, სადაც წერდა, რომ არხის ვერცერთმა თანამშრომელმა ვერ დაინახა, როგორ დაეცა 10 წლის ბავშვი პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას.
განმარტების გაკეთება მოუწია “სიმღერის აკადემიასაც” - მათი თქმით, "პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა".
10 წლის გოგონას დედა, თამარ აკობია ამბობს, რომ საქმეზე სამართლებრივ დავას დაიწყებს.