ბორკილებდადებულ ადამიანს რომ ურტყამენ, იცი, რომ ამ დანაშაულს ხანდაზმულობა არ აქვს? - ელისაშვილი მანდატურს
ალეკო ელისაშვილის საქმეზე დღეს სასამართლოზე მანდატური დავით ხარებაშვილი დაიკითხა - პროკურატურის მოწმე სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულ ოპოზიციონერეზე სასამართლოს კანცელარიაში არავის უძალადია.
ელისაშვილმა მადნატური სიცრუეში ამხილა და გაახსენა, რომ სისტემური ძალადობის დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.
ალეკო ელისაშვილი: როცა მირტყამდნენ, მაშინაც სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს ხედავდით?
მოწმე: ჩემგან მსგავსი არ ყოფილა.
ალეკო ელისაშვილი: არც დაგინახავთ? ანუ ბორკილებდადებული რომ ვიყავი არცერთ ჩემთვის არ დაურტყამს?
მოწმე: არა
ალეკო ელისაშვილი: სრული პასუხისმგებლობით აცხადებთ ამას?
მოწმე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რა თქმა უნდა.
ალეკო ელისაშვილი: ღვთის წინაშე ფიცავთ? ფიცი დადეთ შეგახსენებთ. პოლიციელების მიერ განყოფილებაში ძალადობასაც ვერ ხედავთ, ხომ ნახეთ ნოდარ მელაძის გადაცემა? მსგავს დანაშაულებს რომ ხანდაზმულობა არ აქვთ, თუ იცით? წამებას რომ ხანდაზმულობა არ აქვს? 30 წლის მერეც რომ შესაძლებელია, რომ გამოძიებულ იქნას და პასუხი აგოს იმან, ვინც ეს ჩაიდინა. ხელბორკილებ დადებულ ადამიანს რომ ურტყამენ, იცი, რომ ამ დანაშაულს ხანდაზმულობა არ აქვს? იცით რომ რაც აქ ხდება, ამისთვის მოგეთხოვებათ.
- ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
- პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.