იმ ფარსის გაგრძელებაა, რომელსაც 3 თვე ვადევნებდით თვალს - ეკონომისტები ფასდაკლებული პროდუქტებისთვის საიტის შექმნაზე

15.06.26 18:18
იმ ფარსის გაგრძელებაა, რომელსაც 3 თვე ვადევნებდით თვალს - ეკონომისტები ფასდაკლებული პროდუქტებისთვის საიტის შექმნაზე

ვებსაიტი  ფასდაკლებული პროდუქციისთვის - სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტებისთვის საიტი შეიქმნება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 53 000 ლარი გამოიყოფა.

საინტერესოა, სად, როგორ  და რა უნდა მოძებნონ სოციალურად დაუცველებმა, ან პენსიონერებმა, როცა ხშირ შემთხვევაში მათ არც ინტერნეტზე აქვთ წვდომა და არც ელექტრონულ მოწყობილობებზე.

ეკონომისტები სვამენ კითხვას, რა მიზანი აქვს ახალი ვებ პლატფორმის შექმნას, როდესაც ქვეყანაში ისედაც არსებობს საიტები, სადაც მომხმარებლები ფასების შედარებას შეძლებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის უბრალოდ ფარსი და იმ პროპაგანდის გაგრძლება, მოქალაქეები დაარწმუნონ, თითქოს ფასების კლებისთვის კონკრეტული ნაბიჯები იდგმება.

ამ კომისიის დასკვნას თუ შევხედავთ, იქ ერთ-ერთ ფაქტორად ჩადებულია ის, რომ კონკურენციის სააგენტომ პერმანენტულად უნდა ამოწმოს ხოლმე სხვადასხვა ქსელებში არსებული ფასდაკლებები. რაღაც ხელშესახები შედეგი არ ექნება და არ მგონია, რომ თვითონ მთავრობაშიც ვინმეს ამისი მოლოდინი ჰქონდეს, უბრალოდ, ეს იმ ფარსის გაგრძელებაა, რომელსაც 3 თვის განმავლობაში ვადევნებდით თვალს, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

ცინიკურს და სასაცილოს უწოდებს იმ ფაქტს გიორგი ხიშტოვანი, როცა ფონდიდან, რომელიც გამოუვალი სიტუაციებისთვის შეიქმნა, ფასდაკლების საიტი დაფინანსდება. 

ცინკური და სასაცილოა, რომ გამოუვალი სიტუაციებისთვის შექმნილი ფონდიდან იქმნება საიტი, რომელიც უნდა დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს იაფი პროდუქტის მოძიებაში. პროპაგანდა ითხოვს, რომ რაღაც გამოსავალი შესთავაზოს “ოცნებამ“ მოსახლეობას, დაანონსდა პროპაგანდისტულად, რომ ეს გამოსავალი იქნება ეს საოცარი, ჯადოსნური ვებგვერდი, კაციშვილი ვერ ისარგებლებს ამ პროდუქტით, მაგრამ ისევ დააბრალებს მერე “ქართული ოცნება“ ხალხს. მივიღებთ უნაყოფო, უაზრო, არარელევანტურ ვებგვერდს, რომელიც საბოლოო ჯამში, რომელიც შეიძლება დასრულდეს იმით, რომ კონტროლის მექანიზმად გამოიყენოს “ოცნებამ“ ისევ ბიზნესზე. ეს არის ირაკლი კობახიძის მთავრობის ხელწერა, რომელიც ფიქრობს, რომ თუ ის შექმნის რაღაც პლატფორმას, მაგალითად ფასების შედარების, პრობლემა გადაიჭრება, ეს არის უტოპია და პროპაგანდისტულ-ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც არანაირ შედეგს არ მოიტანს, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

  • სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტებისთვის საიტი შეიქმნება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 53 000 ლარი გამოიყოფა. განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
  •  საიტის შესაქმნელად თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გამოეყოფა.
  • განკარგულების მიხედვით, საიტის შექმნის მიზანი ფასდაკლებული პირველადი მომხმარების პროდუქტების შესახებ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.