ალეკო ელისაშვილი პოლიციელებისა და მანდატურების პირისპირ - სასამართლოს დეტალები

15.06.26 20:22
ალეკო ელისაშვილი პოლიციელებისა და მანდატურების პირისპირ - სასამართლოს დეტალები

ალეკო ელისაშვილი შოთა ჭიპაშვილს საბედისწერო დღის შემდეგ პირველად შეხვდა. მოწმე პოლიციელი ყველა ბრალდებას უარყოფს. დღეს ის ცდილობდა სასამართლო დაერწმუნებინა, რომ ბრალდებული ცრუობდა. დაკავებულმა პოლიტიკოსმა კი გაიხსენა, რომ სწორედ ჭიპაშვილი არის თვითმხილველი იმისა, როგორ მიაყენა მას ძალოვანი უწყების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ელისაშვილმა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც ილაპარაკა.

მოწმე ძალოვანმა დღეს ვერ გასცა კითხვას პასუხი, რატომ იყო აუცილებელი ბრალდებულისთვის ხელბორკილების ისეთ დონეზე გადაჭერა, რამაც სისხლდენა გამოიწვია.

შოთა ჭიპაშვილმა დღეს სასამართლოში დაადასტურა, რომ კანცელარიის შიდა პერიმეტრზე ძალოვანი უწყების თანამშრომლების ნაწილს სამხრე კამერები ჩართული ჰქონდათ. ეს ინფორმაცია სასამართლოს კიდევ ერთმა მოწმე პოლიციელმა დაუდასტურა. ნიკა ხოჭოლავამ ბრალდებულის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ მის კამერას დაფიქსირებული ექნება ყველაფერი.

მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დღეს დადასტურდა, რომ მინიმუმ 2 პოლიციელის სამხრე კამერის მიერ გაკეთებული ჩანაწერი არსებობს, ადვოკატებმა სასამართლოსგან მოითხოვეს ძალოვანი უწყებიდან ჩანაწერების ამოღება. თუმცა, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროცედურების დარღვევის არგუმენტით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები