6 კანდიდატიდან ერთი შერჩეულია - ვინ მოირგებს უზენაეს სასამართლოს მოსამართლის მანტიას
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის დავით მამისეიშვილი იბრძოლებს - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორედ მისი კანდიდატურა გადაუგზავნა პარლამენტს. ვინ არის დავით მამისეიშვილი? - ის გახმაურებული საქმეების მოსამართლეა, მათ შორის კოლეგიასთან ერთად იმსჯელა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების საქმეზე, განიხილავდა ნიკა გვარამიას და ე.წ. რუსული კანონის დროს დაკავებული გიორგი კუჭაშვილის საქმეებს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ყოფნის დროს კი განიხილა სააკაშვილის ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეს, სოლიდარობას უცხადებდა აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს.
უზენაესში გადაბარგებისთვის 6 მოსამართლე იბრძოდა - ირკვევა, რომ კანდიდატურა მოხსნა დიმიტრი გვრიტიშვილმა - მურუსიძესთან დაახლოებული მოსამართლე უკვე მესამედ ცდილობდა ზედა ინსტანციაში გადანაცვლებას - საკუთარი თავი კანდიდატად 24 აპრილს დაარეგისტრირა, თვენახევარში კი მოხსნა - გვეუბნება, რომ ისევ სააპელაციოს სჭირდება.
ისევე, როგორც "ქართულ ოცნებაში", სასამართლოშიც ძალთა გადათამაშება მიმდინარეობს - წინაურდებიან ე.წ. სასამართლო კლანთან დაახლოებული პირები, თუმცა ამავდროულად ისინი "ქართული ოცნების" ერთგულები უნდა იყვნენ - განმარტავს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.