პრეცედენტი "სიტყვების კონტროლის" საქმეზე - რა მოტივით დააკისრეს 4000-ლარიანი ჯარიმა ადვოკატს
სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატის შესახებ დაწერილი კომენტარის გამო, ადვოკატი შოთა თუთბერიძე სამართალდამრღვევად გამოაცხადეს და 4000 ლარით დააჯარიმეს. "სქროლვა-სქრინვის" სამსახურმა, როგორც მოსახლეობის ნაწილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ სამმართველოს დაარქვა, შოთა თუთბერიძის წინააღმდეგ საქმის წარმოების დაწყება, საკუთარი ინიციტივით დეპუტატი ნინო წილოსანის მიმართვის გარეშე დაიწყო.
ეს პროცესი, მსგავსი Facebook სტატუსებისა თუ კომენტარების გამო გამართული სასამართლო სხდომებისგან იმით განსხვავდება, რომ ამჯერად მომჩივანი შსს-ს სიძულვილის ენის წინაღმდეგ ბრძოლის სამმართველოა. ეს ის დანაყოფია, რომელიც სპეციალურად სოციალური ქსელების გასაკონტროლებლად შეიქმნა. სპეც დანაყოფის თანამშრომელმა, რომელიც არავინ იცის რა პრინციპით აკვირდებოდა წილოსანის სტატუსებს ან რა პრინციპით ამოარჩია თუთბერიძე, ჩათვალა, რომ იურისტის კომენტარით, დეპუტატს ღირსება შეელახა. თუმცა თავად ნინო წილოსანისთვის არ უკითხავს, იგრძნო თუ არა თავი შეურაცხყოფილად.
თუთბერიძემ კომენტარი ნინო წილოსანს პირველ ივნისს იმ პოსტზე დაუწერა, რომელიც დეპუტატმა კანადიდან გამოაქვეყნა. თავად წილოსანმა თუთბერიძეს დღეს არ უპასუხა, ამბობს, რომ სათანადო პასუხი ადვოკატს დეპარტამენტმა უკვე გასცა.