ცესკო მივლინებების ხარჯებზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

16.06.26 13:43
ცესკო მივლინებების ხარჯებზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია სახელმწიფო აუდიტის დასკვნას კიდევ ერთხელ ეხმაურება და მივლინებების ხარჯებთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. 

უწყების განმარტებით, ქვეყნის შიგნით ისეთ ღონისძიებები, სადაც მონაწილეთა დიდი რაოდენობაა, შესაბამისი რაოდენობის ნომრებისა და საკონფერენციო სივრცის მქონე სასტუმროების გარდა, სხვაგან ვერ ჩატარდებოდა.

ცესკო-ს წარმომადგენლის თქმით, ისინი არ დატოვებენ უყურადღებოდ არცერთ უსაფუძვლო ბრალდებას, ცილისწამებას და დეზინფორმაციას. 

დაინტერესებული მხარეები ცდილობენ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკო-ს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. ყველა საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ახსნა-განმარტება უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში. 

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით მივლინებებისას, სასტუმრო მომსახურეობის სფეროში არსებული ბაზრის კვლევის სათანადო და სრულყოფილი შესწავლით შესაძლებელი იქნებოდა ცესკოს-ს მიერ სამივლინებო თანხების ეკონომიური ხარჯვა, განვმარტავთ, რომ ეს შეეხება ქვეყნის შიგნით ისეთ მივლინებებს, სადაც მონაწილეთა დიდი რაოდენობა იყო. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები, შესაბამისი რაოდენობის ნომრებისა და საკონფერენციო სივრცის მქონე სასტუმროების გარდა, სხვაგან ვერ ჩატარდებოდა. 

 ცესკო ყოველთვის ღიაა საზოგადოებრივი კონტროლის, პროფესიული კრიტიკისა და ანგარიშვალდებულებისთვის, თუმცა არ დატოვებს უყურადღებოდ არცერთ უსაფუძვლო ბრალდებას, ცილისწამებას და დეზინფორმაციას, მიზანმიმართულ მცდელობას, რომელიც უწყების დისკრედიტაციისკენ იქნება მიმართული. დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობა ეფუძნება ფაქტებს, გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას, სწორედ ამ პრინციპებით აგრძელებს ცესკო საქმიანობას." - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცესკოს 2023-2024 წლების საქმიანობის აუდიტის შედეგად შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო შესყიდვებისა და შიდა კონტროლის მიმართულებით არაერთი ხარვეზი გამოავლინა. ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილია როგორც სახელფასო დანამატების გაცემასთან, ისე სამუშაო დროის აღრიცხვასა და შესყიდვების პროცესის დოკუმენტირებასთან დაკავშირებული პრობლემები. აუდიტის სამსახურმა ცესკოს რეკომენდაციებით მიმართა, გააძლიეროს ფინანსური კონტროლის მექანიზმები და უზრუნველყოს შესყიდვების პროცესის მეტი გამჭვირვალობა. 

მსგავსი სიახლეები