შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

16.06.26 14:55
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

აღნიშნულ ფაქტზე საქმის წარმოება შსს-ის "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ" დაიწყო. 

შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში, "იმედის" პოსტზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა.

სასამართლო პროცესს არც გიორგი გედენიძე და არც მისი უფლებადამცველი არ ესწრებოდნენ. 

აღნიშნულ ფაქტს, ცოტა ხნის წინ, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

მედიიდან გავიგე ამ წუთას, რომ ვინმე გიორგი გედენიძე ჩემთვის ფბზე მოყენებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაუჯარიმებიათ.

არც გიორგი გედენიძე ვიცი, და არც შეურაცხყოფა მისგან. და მე თუ შეურაცხყოფილი არ ვარ, სახელმწიფო “იცავს” ჩემს ღირსებას ჩემი პოზიციის გარეშე? თან ის ხელისუფლება, რომ მაშანტაჟა, 4ჯერ დამიჭირა, ჩასაფრებები მომიწყო, ჩემი ფოტოები გამოაკრა ყოველი არჩევნების წინ მთელ თბილისში, ცოლშვილი ფარულად გადაიღო და მერე ვიდეო გამომიგზავნა და ვინ მოთვლის კიდევ

ასეთი სიგიჟე გაუგონარია," - წერს ნიკა გვარამია. 

  • შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას პირველი ივნისიდან შეუდგა. მისი ფუნქცია საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგია“.

ახალი სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილია. "სიტყვების მონიტორინგის" სააგენტო ამ ეტაპზე ათი ადამიანისგან არის დაკომპლეტქებული. 

  • შსს-ის ინფორმაციით, სამმართველო პროაქტიულ რეჟიმში დააკვირდება საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებს. იგი გამოავლენს სავარაუდო სამართალდამრღვევ პირებს და დაადგენს მათ ვინაობას.
  • იგივე სამმართველო მოამზადებს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს და შეადგენს ოქმებს. ამის შემდეგ საქმეები, განსჯადობის წესების დაცვით, სასამართლოებს გადაეგზავნება.

მსგავსი სიახლეები