ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის სასამართლო ერთადერთი შანსი იყო ალექსანდრეს ნახვის, პროცესიდან გაძევებით ესეც შეგვეზღუდა - ელისაშვილის ცოლი
ალეკო ელისაშვილი, რომელიც წინასწარ პატიმრობას ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდის და უკვე 8 თვეა სრულ იზოლაციაშია, დღევანდელი დღის შემდეგ, ოჯახის წევრებს სასამართლო პროცესებზეც ვერ ნახავს. სხდომიდან გაძევების შემდეგ, ოჯახი ამბობს, რომ მოსამართლემ მათ ერთადერთი შესაძლებლობაც წაართვა.
სასამართლო პროცესები არის ჩვენთვის - ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ერთადერთი შანსი, სადაც ვნახულობთ ალექსანდრეს. იცით, რომ მას შეზღუდული აქვს ჩვენთან კომუნიკაცია როგორც ფიზიკური , ისე საკომუნიკაციო. 8 თვე სრულდება უკვე, რაც იმყოფება ციხეში და ერთადერთი ადგილია, სადაც შეგვიძლია მისი ნახვა. დღეს მისი პროცესიდან გაძევებით, ჩვენ კიდევ შეგვეზღუდა უფრო მეტად მასთან კონტაქტის საშუალება.
ალექსანდრეს საქმე რატომღაც გამორჩეულია და გამორჩეულია იმით, რომ მას სიტყვის თქმის საშუალება აქვს შეზღუდული. ყოველთვის არ ეძლევა საშუალება დააფიქსიროს აზრი ან გამოხატოს პოზიცია და დღესაც სწორრდ ეს მოხდა", - თქვა ელისაშვილის ცოლმა, ირინა კილოსანიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდებული ოპოზიციონერი დღეს სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მოსამართლემ პოლიტიკოსს შემდეგი ფრაზა არ აპატია: "მაცადეთ თქვენი ჭირიმე კითხვის დასმა".
დაცვის მხარე სასამართლოს მხრიდან ხელოვნურ მიზეზებზე საუბრობს.
ხელოვნური მიზეზით იყო გაძევებული, რაც ადასტურებს იმ ეჭვს, რომ არ მიეცეს ბრალდებულს განახორციელეოს საკუთარი თავსუი დაცვას", - ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.
- ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
- პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.