სახელმწიფო რესურსების ფლანგვა თუ მანიპულირება სტატისტიკით - სოცდაუცველთა ბაზიდან 40 ათასი ადამიანი ამოიღეს
საქართველოში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა სიიდან 41 ათასი ადამიანი ამოირიცხა, ხოლო გასული წლის მაისთან შედარებით სოციალური დახმარება 100 ათასზე მეტ მოქალაქეს შეუწყდა.
რა გახდა ამის მიზეზი - რეალურად შემცირდა სიღარიბე, თუ წლების განმავლობაში სახელმწიფო დახმარებას ის ადამიანებიც იღებდნენ, ვისაც ის არ ეკუთვნოდა? ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკა ალავიძე ფიქრობს, რომ "ოცნების" ხელისუფლება სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ათიათასობით ადამიანი სოციალური დახმარების სისტემაში შემთხვევით ვერ მოხვდებოდა. მათი თქმით, საარსებო შემწეობის დანიშვნას არაერთი კრიტერიუმი და შემოწმების პროცედურა უძღვის წინ, ამიტომ "ოცნების" ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, რატომ აღმოჩნდა საჭირო ასეთი მასშტაბური ცვლილება.
ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ სოციალური დახმარებები წარსულში პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებოდა და წინასაარჩევნო პერიოდში გავლენის ინსტრუმენტად იყო ქცეული.
რატომ მცირდება ახლა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა? ამ კითხვაზე ოპოზიციას რამდენიმე ვერსია აქვს. ერთ-ერთი მოსაზრებით, ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს აჩვენოს, რომ ქვეყანაში სიღარიბე მცირდება. მეორე ვერსიით, ბიუჯეტური ხარჯების შემცირების მიზნით სოციალური პროგრამების მიმღებთა რაოდენობა ხელოვნურად იკლებს. ოპონენტები "ოცნებისგან" ამ პროცესის დეტალურ განმარტებას ითხოვენ.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.