ცოლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი ბაქოს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ბაქოს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, სევინჯ სადიგოვა ავრცელებს.
მისი თქმით, “გადაწყვეტილება უფრო სისტემის არსს გამოხატავს, ვიდრე მოსამართლის დამოუკიდებელ არჩევანს.“
„სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება არ შეცვალა. აფგან სადიგოვის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. აფგან სადიგოვის წინასწარი პატიმრობის საკითხზე შეტანილი საჩივარი ბაქოს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით მოქმედ სისტემაში ეს გადაწყვეტილება უფრო სისტემის არსს გამოხატავს, ვიდრე მოსამართლის დამოუკიდებელ არჩევანს. ეს არ გამკვირვებია“,- წერს სევინჯ სადიგოვა.
საქართველოდან დეპორტირებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში, უკვე შეწყვეტილ საქმეზე კვლავ დააპატიმრეს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 4 აპრილს, ღამით აფგან სადიგოვი თბილისში მდებარე სახლიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და აზერბაიჯანში გააძევეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მხარის მიერ კანონის უხეში დარღვევის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.