ექსკლუზივი: "შაბათის ეთერმა" წამებაში მონაწილე პოლიციელების ვინაობა დაადგინა
პოლიციელი, რომელიც ახალგაზრდა კაცს განსაკუთრებული სისასტიკით სცემს, 23 წლის ირაკლი კუხალაშვილია, [სასტიკი ანგარიშსწორების დროს, 2022 წელს ის 19 წლის იყო]. პოლიციელი ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, მუშაობას სისტემაში აგრძელებდა, მათ შორის მუშაობდა ვაკე-საბურთალოს პოლიციაში.
ოჯახი ადასტურებს, რომ კუხალაშვილი მხოლოდ ახლა, 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ დანაშაულის ამსახველი კადრები, სისტემიდან გამოსული იყო.
- "შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ მოქალაქეების წამებაში მხილებული პოლიციელი ბექა კუხალაშვილი 2025 წელს თბილისში, საქალაქო სასამართლოსთან ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის განაჩენის გამოცხადების დროს პოლიციის კორდონში იდგა, მაშინ ის აქციის მონაწილეების თქმით, მათ გამოწვევას ცდილობდა.
დგინდება ისიც, რომ კუხალაშვილმა 2024 წელს თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე ყიდულობს ბინას.

პოლიციელი, რომელიც ბექა კუხალაშვილთან ერთად, მოქალაქეს სცემს, ირაკლი კაციტაძეა - დაკავებამდე იმერეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა. მეზობლებს მოძალადე პოლიციელი რადენიმე თვეა არ უნახავთ, კაცი, რომელიც სისტემიდან გამოჟონილ მინიმუმ ორ ვიდეოში ჩანს, სწორედ ნაცნობებმა ამოიცნეს.
ირაკლი კაციტაძემ ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე ბინა მოქალაქეზე სასტიკი ანგარიშსწორებიდან მალვე იყიდა. 64 კვადრატული მეტრის ფართის ბინა მის სახელზე 2023 წლის 19 მაისს ფორმდება. კაციტაძე მანამდე უძრავ ქონებას საერთოდ არ ფლობდა. კადრებში, რომელიც "შაბათის ეთერმა" გასულ კვირას გაასაჯაროვა, ჩანს, რომ 32 წლის ირაკლი კაციტაძე მოქალაქის ცემას მუშტებით ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში პირველი იწყებს და შემდეგ ფეხებს ახალგაზრდა კაცს ბექა კუხალაშვილი ურტყამს. ვისი დავალებით აწამებდნენ ხალხს პოლიციაში კითხვაზე, მათი ოჯახის წევრები არ პასუხობენ.
ირაკლი კაციტაძის სიმამრი კი მიანიშნებს, რომ ის რაც კადრებში საზოგადოებამ იხილა, პოლიციის თვითნებობა არ ყოფილა.

პოლიციელი კი, რომელიც ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მიყვანილ მოქალაქეს სცემს 29 წლის მიხეილ ჯინჭარაძეა. პირი, რომელზეც ის ძალადობს სავარაუდოდ, არასრულწლოვანია. ქუთაისის პოლიციის სტაჟიანი თანამშრომელი, ჯინჭარაძე გავრცელებულ ვიდეო მასალაში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა, პროკურატურამ ის დანარჩენ ორ პირთან ერთად 2022 წელს მომხდარი ძალადობის გამო, 2026 წლის 23 თებერვალს დააკავა.
ოჯახი ადასტურებს, რომ მიხეილ ჯინჭარაძე დაკავებულია, თუმცა ისინიც დუმილს ირჩევენ.

საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, ირკვევა, რომ პოლიციის განყოფილებაში ნაცემმა ახალგაზრდების ნაწილმა გამოძიებას ჩვენება არ მისცა და პოლიციელების გათავისუფლებაზე ნოტარიული თანხმობა გააფორმა. ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ დაზარალებულებისგან ნოტარიული დასტური, რომ მათ პრეტენზიები არ გააჩნიათ, უკვე აიღეს.
ნოტარიულ დოკუმენტებზე არ ლაპარაკობს ერთ ერთი სრულწლოვანი მოქალაქე, რომელიც წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 30 წლის კაცი ამბობს, რომ პოლიცილების მიერ მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ქვეყანა დატოვა და დიდი ხანი უკან არ ბრუნდებოდა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციის მხრიდან მოქალაქეების სასტიკი ცემის ვიდეო-კადრები "შაბათის ეთერმა" გასულ შაბათს გაავრცელა.
ის 5 ვიდეოფაილი, რომელიც TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა აჩვენა, "შაბათის ეთერს" 32 წლის IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის ოჯახმა მიაწოდა.
ინტერვიუში გიორგი კვიცარიძის დედა ყვება, რომ მისმა შვილმა გატეხა პოლიციელების შიდა ბაზა/ჩატი და გადმოწერა 33 ვიდეოფაილი, სადაც ასახულია ახალგაზრდების მასობრივი წამება, სიგარეტის დაწვა სხეულზე და სექსუალური ხასიათის მუქარაც კი.