"ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენი რეკეტზე ალაპარაკდა
ბიზნესმენი ამირან მარკოიშვილი ამტკიცებს, წელიწად-ნახევარის წინ, ავტომობილი დაშინების მიზნით დაუწვეს, თუმცა მისი თქმით, საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია, მისი ავტომობილი კი დღემდე ვაკის პოლიციის ეზოში დგას. მანქანის არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომელსაც მარკოიშვილი მასზე ზეწოლად და ტერორად აფასებს. "ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი ირწმუნება, რომ მასძე მოხდა რამდენიმე თავდასხმა: დაუწვეს კიდევ ერთი ავტომობილი რა დროსაც ამირან მარკოიშვილის თქმით, სხვა ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს.
მარკოიშვილი ამტკიცებს, რომ მანქანები აუფეთქეს, თუმცა პოლიციამ მძიმე დანაშაულის კვალი ვერ იპოვა და ბიზნესმენს უთხრა, რომ ზამთარში ახალი ავტომობილი თავისით აალდა გაუმართავი ელექტრო გაყვანილეობის გამო. მარკოიშვილი ამბობს, რომ საჯაროდ ალაპარაკება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ყველა შესაძლო გზა სცადა, თუმცა სამართალი ვერ იპოვა.
რა ხდება?
ამირან მარკოიშვილი ფლობდა სამშენებლო კომპანია „არეა ენთერ-ფრაისს“ და სხვა ბიზნესებს. დიდ დიღომში მშენებლობა დიდი ხნის წინ უნდა დასრულებული და ხალს კუთვნილი ბინები მიეღო, მაგრამ აქ მხოლოდ კარკასი დგას. საუბარია, ასზე მეტ მესაკუთრეზე, რომელმაც ფული გადაიხადა, ბინას კი ვერ იღებს.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ კორპუსის მშენებლობის გადაწყვეტილება 2019 წელს მიიღო. მიწის მფლობელ ამხანაგობას შეუთანხმდა, ბანკიდან სესხი აიღო და მუშაობას შეუდგა. თავდაპირველი პროექტით მშენებლობის ნებართვა 2021 წელს გაიცა. კორპუსი, რომელიც ორი ბლოკისგან შედგება, ცხრა სართულიანი უნდა ყოფილიყო. მარკოიშვილი ამბობს, რომ მშენებლობის დროს მისმა პარტნიორმა საერთო ნაცნობი მიიყვანა, რომელიც დაპირდა, რომ მერიაში საქმეს "დაულაგებდა" და 9-ის ნაცვლად 12 სართულის მშენებლობის ნებართვას მისცემდნენ და თან, ავტოფარეხების ნაცვლად, კომერციული ფართების მოწყობის საშუალებაც ექნებოდა.
ბიზნესმენის მონაყოლის მიხედვით, ბანკმა, რომელიც პროექტს აფინანსებდა, გეგმების დროულად არ წარდგენის გამო „არეა ენთერ-ფრაისთან“ თანამშრომლობა გაწყვიტა, რადგან საჯარო რეესტრში კორპუსის 12 სართულის განშლა ფიქსირდებოდა, მერიას კი მხოლოდ ცხრა სართულის აშენების ნებართვა ჰქონდა გაცემული. ბანკი საბუთების მოწესრიგებას ითხოვდა, თუმცა შუამავალს მერიიდან დაპირებული სართულების დამატების ნებართვა ვერ მოჰქონდა. მარკოიშვილი ყვება, რომ ბანკმა სათანადო დოკუმენტების არ ქონის გამო გაუწყვიტა დაფინანსება გაუწყვიტა, ამის გამო ფინანსურ კრიზისში ჩავარდა და "მხსნელად" ისევ შუამავალი მოევლინა, რომელსაც ფინანსური რესურსების გარეშე დარჩენილ კომპანიაში ინვესტიცია უნდა ჩაედო, რომ კორპუსი დასრულებულიყო.
ამირან მარკოიშვილის მტკიცებით, ამის შემდეგ საქმეში ამერიკის მოქალაქე კახაბერ კოღუაშვილი და ნათია გვიმრაძე გამოჩნდნენ. ბიზნესმენი ირწმუნება, რომ შეთანხმება შედგა, თუმცა ბიზნესმენის მტკიცებით, ინვესტორმა მალევე სამშენებლო ბიზნესის წართმევის სპეცოპერაცია დაიწყო. მარკოიშვილის მტკიცებით, მას უთხრეს რომ კომპანიის 80% , კოღუაშვილის ნდობით აღჭურვილ პირზე, ნათია გვიმრაძეზე უნდა გადაეფორმებინა. ადვოკატი დიანა გვიშიანი, რომელიც ბიზნესმენის ინტერესებს იცავს და საჩივარი პროკურატურაშიც შეიტანა, ამტკიცებს, რომ „არეა ენთერ-ფრაიიისის“ დამფუძნებელს საკონტროლო პაკეტი ბიზნეში მოტყუებით გადააფორმებინეს.
საბოლოოდ, 2024 წლის 11 მარტს ამირან მარკოიშვილმა ბიზნესის წილი ხუთ ათს ლარად დათმო. ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ქონება იმ პირობით გადააფორმა, რომ კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ ინვესტორი თავის მოგებას ამოიღებდა და შემდეგ ბიზნესს უკან დააბრუნებდა
ბიზნესმენის მონაყოლის თანახმად, ამის შემდეგ მოვლენები დრამატული სცენარით განვითარდა. მარკოიშვილი ამტკიცებს, რომ კუთვნილი კომპანიის ოფისში შესვლაც კი შეუზღუდეს, ახალი მფლობელი სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა.
„არეა ენთერ-ფრაისს“ უკვე ყოფილი მფლობელის მტკიცებით, კომპანიის დაბრუნების ყოველი მცდელობა მასზე ფიზიკური თავდასხმით სრულდებოდა. მისივე თქმით, ის არაერთხელ სასტიკად სცემეს. ამ საქმის გარჩევებში კი ბიზნესმენის მტკიცებით, შსს-ს სკანდალური პოლიციელი გიორგი პირველაშვილი ფიგურირებს.
ვინ არის პირველაშვილი?
პირველაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სინდისის პატიმრად დასახელებული საბა სხვიტარიძის საქმის ფიგურანტია. არსებობს კადრი, სადაც დიღომში ერთ-ერთი შეხვედრის დროს პირველაშივლიც ჩანს.
ბიზნესმენი ყვება, რომ მისი ყოველი მცდელობა ბიზნესის დასაბრუნებლად თავდასხმით სრულდებოდა. მარკოიშვილის მონაყოლის თანახმად, ბოლოს ჩასაფრება ორი თვის წინ მოუწყვეს და სასტიკად გაუსწორდნენ. მარკოიშვილის მტკიცებით, მისგან ითხოვდნენ, შეეწყვიტა ბრძოლა წართმეული ბიზნესისთვის. თავდასხმის ფაქტს შსს ადასტურებს, უწყება ამბობს, რომ ამ საქმეზე ორი პირი დააკავეს და ერთზე ძებნაა გამოცხადებული.
მარკოიშვილს ეჭვი აქვს, რომ ხალხი, ვინც ქონება წაართვა, მაღალჩინოსნების მფარველობით სარგებლობენ და შესაძლოა, ამ საქმის უკან არაერთი ხმაურიანი გვარის ინტერესი იდგეს.
ბიზნესმენი მარკოიშვილი ამბობს, რომ ნათია გვიმრაძის უკან რეალურად კახა კოღუაშვილი დგას. სწორედ მას ასახელებს მარკოიშვილი ბიზნესის წართმევის ერთ-ერთ ორგანიზატორად.
ამ ბრალდებების ფონზე კი, მოქალაქეები, რომლებმაც ბინა იყიდეს, წლებია კუთვნილ ქონებას ელოდებიან, თუმცა მათ პასუხს არავინ სცემს.