ემიგრანტების ფული ეკონომიკის საყრდენად რჩება - მაისში საქართველოში თითქმის 340 მილიონი დოლარი გადმოირიცხა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობამ თითქმის 340 მილიონი დოლარი შეადგინა. გზავნილების მიხედვით პირველ ადგილზე აშშ არის 64 მილიონი დოლარით, მას იტალია მოსდევს, ხოლო სამეულს რუსეთი ასრულებს.
ეკონომისტების შეფასებით, ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დასავლეთის ქვეყნებიდან შემოდის. მათი თქმით, ათიათასობით ემიგრანტი საკუთარი შრომით ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას უწყობს ხელს.
ექსპერტები ასევე მიუთითებენ, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან დისტანცირებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს როგორც ეკონომიკაზე, ისე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობაზე. მათი შეფასებით, ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება დამატებით სოციალურ და ეკონომიკურ რისკებს შექმნის.
ამასთან, კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მაშინ, როცა ემიგრანტები მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს აგზავნიან ქვეყანაში, მათთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხები კვლავ მწვავე განხილვის თემად რჩება.
გადმორიცხვების სტატისტიკა კარგი ინდიკატორია იმის, თუ საით მიდის ემიგრაცია - ამერიკა, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი ანუ საქართველოს მოქალაქეები საით გარბიან და შემდეგ საიდან არჩენენ საქართველოში თავის ოჯახის წევრებს. როდესაც "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა დღე და ღამე არის ლანძღვა-გინებაში ევროკავშირის ქვეყნების და ბრიუსელის, რა თქმა უნდა რეაგირება უკვე კარგად ჩანს, რომ სავიზო რეჟიმი საფრთხის ქვეშაა და სავიზო რეჟიმის პრინციპის გადახედვა, უნდა ველოდოთ, რომ გამოიწვევს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების გამოძევება შეიძლება, დაიწყოს ევროკავშირიდან უფრო აქტიურად, ხოლო ეს პირდაპირ დაარტყამს გადმორიცხვებს და აი, ამ მოწყვლადი ოჯახების შემოსავლებს, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.