ეს არ იყო ჩუმად გაპარვა, პასპორტი ჩამორთმეული არ მქონდა - ია დარახველიძე
სასახლის ღობის საქმეზე მსჯავრდებულ, ია დარახველიძის თქმით, ქვეყანა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზეზით დატოვა და მას პასპორტი ჩამორთმეული არ ჰქონია.
როგორც მან “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, საზღვარგარეთ მიიპატიჟეს და აუცილებელი იყო წასულიყო.
მისივე თქმით, მან შესაბამისი პროცედურები გაიარა, პროკურატურაშიც და მოსამართლესთანაც და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა ქვეყანა.
"მე მომიწია საზღვარგარეთ დაკვრა, დამპატიჟეს 1 მაისს, როდესაც აუცილებლად უნდა წავსულიყავი სხვა ქვეყანაში დასაკრავად. ეს რომ არა, არც კი ვგეგმავდი, რომ სადმე წავსულიყავი, ასეთ რაღაცებზე არ მიფიქრია. რაღაცნაირად ასე დაემთხვა, რომ დამიძახეს და ამის გასაფრთხილებლად ყველაფერი გავაკეთე. ეს არ იყო ჩუმად გაპარვა. წერილი გამოვაგზავნინე კლუბს, სადაც ვუკრავდი, რომ უნდა წავსულიყავი. ხელმოწერილი, ბეჭედდარტყმული წერილი შევიტანე პროკურატურაში, მივუტანე მოსამართლეს. ყველაფერი გავაკეთე ოფიციალურად, რომ მათაც სცოდნოდათ რომ მივდიოდი. მე პასპორტი ჩამორთმეული არ მქონდა. თავისუფლად შემეძლო გადაადგილება, ამის შანსი რომ გაჩნდა, ეს შანსი გამოვიყენე. შეიძლება, მანდ ვმჯდარიყავი, მაგ სკამზე, ბატონ გიორგი ჩახუნაშვილთან ერთად და ბორკილები დაედოთ ჩემთვის.
[...] არც კარგს ველოდებოდით, არც ცუდს. მეფიქრებოდა, რომ იქნებ, ამათაც შეეშინდეთ და არ გამოიტანონ ამხელა განაჩენი ამ ადამიანებზე" - თქვა ია დარახველიძემ.
ცნობისთვის, სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.