მოსამართლე მახარობლიძემ ბექა ბასილაია პროცესიდან გააძევა - მიხეილ სააკაშვილს საზოგადოებრივი ადვოკატი უნდა დაენიშნოს

23.06.26 14:53
მოსამართლე მახარობლიძემ ბექა ბასილაია პროცესიდან გააძევა - მიხეილ სააკაშვილს საზოგადოებრივი ადვოკატი უნდა დაენიშნოს

 

 

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესზე - მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია პროცესიდან გააძევა, რის შემდეგაც საქმის განხილვა ავტომატურად შეწყდა. 

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ბასილაიამ სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა ითხოვა, რის შემდეგად მოსამართლემ მას უთხრა, რომ "საერთოდ გაძევებულია".

ახლა მიხეილ სააკაშვილს საზოგადოებრივი ადვოკატი უნდა დაენიშნოს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებებს შემდგომ პროცესებზე დაიცავს. 47 ტომიანი საქმის მასალების გასაცნობად საზოგადოებრივ ადვოკატს მხოლოდ ერთი დღე ექნება - ამის შემდეგ განახლდება 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე სასამართლო პროცესები. ამ ეტაპზე უცნობია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რადგან ის დღევანდელ სასამართლოს არ ესწრებოდა. 

  • პროცესზე ასევე არ იმყოფებოდნენ ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და გიორგი ვაშაძე.  დღეს განსასჯელის სკამზე 8 პოლიტიკოსიდან მხოლოდ ნიკა გვარამია და ბადრი ჯაფარიძე ისხდენენ.

ადვოკატები ამბობენ, რომ რომ მოსამართლე თამარ მახარობლიძე დაცვის მხარის მიმართ მუდმივად "აგდებული დამოკიდებულებით" გამოირჩევა და ასე მოხდა ამჟამადაც, ბექა ბასილაიასთან მიმართებით. 

სხდომა გადაიდო იმიტომ, რომ მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დარბაზიდან გადაიდო ადვოკატი ბექა ბასილაია. ეს მოსამართლე პირველივე დღიდან ასხივებს მიკერძოებას და სხვადასხვა ქმედებებში გამოხატავს, მათ შორის არ გვაძლევს მოწმეტა დაკითხვის საშუალებას, განარიდებს კითხვებს, რომელიც არსებითია და მნიშვნელოვანია მოწმის პასუხები - ის ამ კომფორტს უქმნის ცრუ მოწმეებს. აი ამ ყველაფრის გარდა, გამოირჩევა აგდებული დამოკიდებულებით დაცვის მხარის მიმართ. რატომღაც თავი ჰგონია ან სკოლის მასწავლებელი - მკაცრი სკოლის პედაგოგები რომ იყვნენ და ბავშვებს რომ ტუქსავდნენ, მაგ როლში ჰგონია თავი.

გაძევების მიზეზი გახდა ის, რომ ბექამ სთხოვა დარბაზიდან გასვლა, რაზეც უარი უთხრა. ბუნებრივია, ამის უფლებამოსილება მოსამართლეს არ აქვს, რადგან ადვოკატს დასჭირდა ზუსტად ორი წუთით დარბაზის დატოვება და ამის შემდეგ გააძევა ის სხდომათა დარბაზიდან "სასამართლოს შეურაცხყოფის გამო", - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით 6 გამომძიებელი უნდა დაკითხულიყო, თუმცა პროკურატურამ მხოლოდ ერთი მოწმის გამოკითხვა მოასწრო - ეს იყო დეტექტივი ავთანდილ დვალი. სახელმწიფო მბრალმდებლის ცნობით, მოწმემ ხელი ზურა ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძე და ელენე ხოშტარიას დაადო.  

პროკურორ ანი ხუბეჯიშვილის ინფორმაციით, ავთანდილ დვალმა თქვა, რომ სწორედ ზემოთჩამოთვლილი პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს პარლამენტში შესვლისკენ.

მოწმემ პირდაპირ გვითრა, რომ ზურა ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის და ელენე ხოშტარიას მოწოდება იყო იმგვარი, რომ ადგილზე მომხდარიყო დაპირისპირება პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. მათი მიზანი იყო, რომ ქმედებები ყოფილიყო აგრესიული და ისინი პირდაპრი მოუწოდებდნენ და რიგ შემთხვევებში, თავადაც იღებდნენ მონაწილეობას როგორიც იყო, პოლიციელების კორდონის გარღვევის მცდელობა და მოწოდებები იყო, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში". - განაცხადა პროკურორმა. 

განსხვავებული ინფორმაცია გამოიტანეს სხდომათა დარბაზიდან ადვოკატებმა -  როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, რადგან სხდომები დახურულია, პროკურატურა ცდილობს საკუთარი ინტერპრეტაციით მიაწოდოს ცნობები საზოგადოებას.

მოწმეს არ ახსოვს კონკრეტული დრო, არ ახსოვს კონკრეტული გარემოებები, ასევე არ ახსოვს ჩაცმულობა ამ ადამიანების და არ ახსოვს მაგალითად, გიორგი ვაშაძის და ზურა ჯაფარიძის ფიზიკური მახასიათებლების აღწერა. მან თავად დაადასტურა, რომ არც გიორგი ვაშაძეს და არც ზურა ჯაფარიძეს არავითარი ფიზიკური აქტივობა პოლიციელების მისამართით არ განუხორციელებიათ. მანვე დააადსტურა, რომ გიორგი და ზურა იდგეგნ აქციაზე, თუმცა არ გაუგია, რა მოწოდებებს ახორციელებდნენ ისინი აქციის მონაწილეების მისამართით. ერთადერთი მან განაცხადა, რომ გაიგონა მშვიდობიანი მოწოდება გიორგი ვაშაძის მიერ პოლიციელებისადმი მოწოდების, რომ ნებაყოფლობით, მშვიდობიანად დაეთმოთ გზა აქციის მონაწილეებისთვის". - აცხადებს ადვოკატი ომარ ფურცელაძე. 

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.