კახა ხუბულურის დედა: ომი საქართველოს არ დაუწყია - რუსებმა შვილები გვიწამეს და დაგვიხოცეს
2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, კახა ხუბულურის დედა სტრასბურგის გადაწყვეტილებით გახარებულია - იზოლდა ხუბულორი ამბობს, რომ რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საქართველოს შვილების წამებასა და მკვლელობაზე.
ომი საქართველოს არ დაუწყია, რუსეთმა დაიწყო - ეუბნება "პირველებს" ხუბულორის მშობელი, რომელმაც არ იცის, სად და რა ვითარებაში მოუკლა მტერმა ერთადერთი შვილი.
დედას ახსოვს მხოლოდ ის, რომ კახამ ტელეფონზე აღარ უპასუხა და მას შემდეგ 20 წლის შვილის ხმა აღარ გაუგია.
"ტყვედ იყო ჩავარდნილი, აწამებდნენ. სულ სისხლიანი იყო, უცემიათ იქ ცხინვალში. მეგონა, რომ ცოცხალი დამიბრუნდებოდა, მაგრამ..." - ამბობს დედა, რომელმაც შვილი ბოლოს 2008 წლის 2 აგვისტოს ნახა.
ომი საქართველოს არ დაუწყია. შვილები დაგვხოცეს, გვიწამეს... ეს დავა მოვიგეთ და გამიხარდა, იქნებ დაისაჯონ ისინი, ვინც ჩემი შვილი აწამა. ჯარიდან რო მოდიოდა, სულ მეუბნებოდა - დედა შენს გამო მოვდივარო, თორემ სულ არ მოვიდოდიო. სულ თვალებში მიყურებდა, რა გამიხარდებოდა. ჩემს კახას დავურეკე, რა ხდება მანდ-თქო, აქეთ მკითხა, მანდ რა დებაო, ვუთხარი ცოტა არეულობაა შვილოთქო, ვეღარაფერი ვეღარ მითხრა, გამითიშა. ნახევარი საათში მერე რომ დავურეკე, ხმა აღარ გამცა. მერე წავედი, გადავედი, მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავი, იქნება რამე გამეგო, მაგრამ ვერაფერი გავიგე. ტყვედ იყო ჩავარდნილი, აწამებდნენ. სულ სისხლიანი იყო, უცემიათ იქ ცხინვალში. მეგონა, რომ ცოცხალი დამიბრუნდებოდა", - ამბობს დედა.
საიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო.
სტრასბურგმა დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციას შეერაცხება გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურისა და უშანგი სოფრომაძის მკვლელობა - ასევე გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა კუთაშვილის, მალხაზ მელაძისა და კახაბერ ზირაქაშვილის წამება და ამ ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება.
ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას ჯამურად ყველა მომჩივნის სასარგებლოდ დააკისრა სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდა 395 000 ევროს ოდენობით.
ეს არის პირველი საქმე, სადაც სამხედრო ტყეებთან დაკავშირებით დადგინდა ომის აქტიური ფაზის დროს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა.
- საიაში ამბობენ, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით საია-მ ჯამურად 53 საჩივარი წარადგინა 400-ზე მეტი დაზარალებული პირის ინტერესების დასაცავად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
ეს გადაწყვეტილება აერთიანებს ორ საჩივარს - კერძოდ,"ჩიკვილაძე და ანწუხელიძე რუსეთის წინააღმდეგ" და "მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ".
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთს, რომელსაც პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ სიცოცხლის დაცვის ვალდებულება ეკისრებოდა, ეს უფლება არ დაიცვა. ასევე დაადგინა, რომ რომ ქართველი სამხედროების წამება არ იყო შემთხვევითი ინციდენტი, არამედ წარმოადგენდა მიზანმიმართულ ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რაც კონვენციის მესამე მუხლის უხეში ხელყოფაა.