სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ვერდიქტის მოლოდინში - გაუშვებენ თუ არა შვიდი წლის ბავშვის დედას ციხეში?
დააკავებენ თუ არა სასამართლო დარბაზშივე მცირეწლოვანი შვილის დედას, ეს ხვალ გახდება ცნობილი. ცხრათვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი მარიამ მეყანწიშვილის, აბო ნავერიანის, ნანა სანდერისა და ანტონ უპერის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.
7 წლის შვილის დედა, მარიამ მეყანწიშვილი, საბოლოო სიტყვით კიდევ ერთხელ შეეცდება დაარწმუნოს სასამართლო საკუთარ უდანაშაულობაში. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მეყანწიშვილმა უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე და აცხადებს, რომ არ აღიარებს დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია.
გამოძიება სამოქალაქო აქტივისტს ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას ედავება. თავად მეყანწიშვილი ადასტურებს, რომ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ რაიმე ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილეობდა.
თუ გამოძიების ვერსიით მეყანწიშვილი მართლაც ჯგუფური მოქმედების მონაწილე იყო, დაცვის მხარე სვამს კითხვას - ვინ არიან ამავე ჯგუფის სხვა წევრები და რატომ ვერ მოახერხა საგამოძიებო უწყებამ მათი იდენტიფიცირება. სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება აქტივისტის უფლებადამცველმა საბოლოო სიტყვის დროს.
ხვალინდელი განაჩენი გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა მარიამ მეყანწიშვილი სასამართლოს თავისუფლებაზე, თუ განაჩენის გამოცხადებისთანავე დააკავებენ.
ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.