მურუსიძის სასამართლო მასამართლებს და მე ვარ დამნაშავე? - მანუჩარ მიქელაძე
სასხლის ღობე იყო გადაჭრილი, მე ვიყავი პირველი, ვინც შეამოწმა - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა მანუჩარ მიქელაძემ განაცხადა. ის 13 პირიდან ერთადერთია, ვინც დღეს საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადა.
მურუსიძის სასამართლო მასამართლებს და მე ვარ დამნაშავე? - თქვა დღეს სხდომათა დარბაზში ბრალდებულმა, რომელსაც მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 5 წელი მიუსაჯა.
მანამდე კი ბრალდებულმა, მის დასკვნით სიტყვაში ხაზგასმით განაცხადა, რომ ადამიანები ციხეში უკანონოდ არიან გამომწყვდეულები და ისინი სამშობლოს სიყვარულის გამო ისჯებიან.
დღეს, რაც აქ ხდება, ბოლო წლების განმავლობაში რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, სასაცილო და სატირალია. ქვეყნის მომავლისთვის მებრძოლი ადამიანები ვისჯებით და გამოგვკეტეს სატუსაღოში. როგორ შეგიძლიათ ქართველს, ქვეყნისთვის, ევროპული მომავლისთვის, შვილების მომავლისთვის მებრძოლი ადამიანები 5 წლით გაასამართლოთ? ეს იყო პროვოკაცია. თუ თვლი, რომ ე.წ. ლეგიტიმური ხელისუფლება ხარ და იცავ პრეზიდენტის სასახლეს, რატომ არ იდგა წინ სპეცრაზმი და რატომ იყო სპეცრაზმი შიგნით დამალული? ჩვენს, გაბრაზებულ ხალხსა და სპეცრაზმს შორის 5-6 პოლიციელი იდგა, რომელიც პროვოკაციისთვის იყო იქ. რატომ მივედით ათასობით ადამიანი იქ? გაბრაზებული ვართ, რადგან, ამ ქვეყანაში, დიახ, ყვავის კორუფცია, ნეპოტიზმი და პროპაგანდამ წალეკა ქვეყანა. აბსოლუტური უმრავლესობის ნება-სურვილს კლავს ე.წ. ხელისუფლება, ამისთვის უნდა დავისაჯო და მომაშოროთ ჩემს ოჯახს?
ეს თუ არ იყო პროვოკაცია არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დაგეგმილი, რატომ იდგა გაბრაზებულ ხალხსა და დამალულ სპეცრაზმს შორის რამდენიმე პოლიციელი, რომელიც გვაგინებდა. ღობე იყო გადაჭრილი, მე ვიყავი პირველი, ვინც შეამოწმა, გადაჭრილი იყო თუ არა.
გამომძიებელმა თქვა, რომ გამოიძია და თურმე, მანუჩარ მიქელაძემ დაარტყა თანამშრომელს. ის რატომ არ გამოიძია, რომ ვთქვი, ჩვენ წინააღმდეგ პროვოკაცია იყო? მურუსიძის სასამართლო მასამართლებს მე და მე ვარ დამნაშავე? 5 წელი უნდა ვიჯდე ციხეში იმისთვის, რომ მათ შორის, თქვენი შვილის მომავლისთვის ვიბრძოდი?
კი, დავარტყი, დაიმსახურა და დავარტყი! სხვა გზა არ დამიტოვა. აქვს უფლება, ოჯახს და შვილებს რომ მიგინებს? მივედი და დავარტყი.
მე არ ვარ დამნაშავე, დამნაშავეები არიან ისინი, ვინც ამ ქვეყანას მომავალს უნგრევენ!",- განაცხადა მიქელაძემ.
- ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 13 პირს - კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.