რეგიონებში ფულის შესაძლო გაფლანგვის ფაქტებს საქართველოს პროკურატურა იძიებს
საქართველოს რეგიონებში გაფლანგული ფულის ამბებს საქართველოს პროკურატურა იძიებს. საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ შემოწმების შედეგად, 2025 წელს ბიუჯეტიდან ჯამში ₾36.5 მილიონის არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი ხარჯვა გამოვლინდა, რის გამოც 17 საქმე პროკურატურაშია გაგზავნილი.
გაბიტაშვილის თქმით, აქედან 17 საქმიდან 4 დაერთო უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო 13 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე.
36.5 მლნ ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და ძირითადად უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტური, არაეკონომიური და არამიზნობირივი გამოყენების შემთხვევებს. ასევე შესყიდვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2025 წელს მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისიათვის პროკურატურას გადაეგზავნა 17 აუდიტის ანგარიში - კონკრეტული ინფორმაცია, აქედან 4 დაერთო მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო 13 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები თანხობრივ გამოხატულებაში 80 მილიონ ლარს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ფინანსური აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი გარემოებები აჩვენებს, რომ საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესი გამოქვევებით ხასიათდება. გამოწვევად რჩება მუნიციპალიტეტებზე გაცემული რეკომენდაციების მდგომარეობა, სადაც რეკომენდაციების მხოლოდ 36%-ია სრულად შესრულებული", - განაცხადა გაბიტაშვილმა.
სამართალდამცავ ორგანოებში 2025 წელს გადაგზავნილი ანგარიშები/მასალები შემდეგია:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ამონაწერი და აუდიტის მასალები
- პროგრამის „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ 2019-2022 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და მივლინებებზე გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის მასალები
- სსიპ – მუნიციპალური განვითარების ფონდში მიმდინარე შესაბამისობის აუდიტის მასალები
- სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების 2020-2023 წლების უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტის მასალები
- ხობის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები
- შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ 2022-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები
- გორის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები
- შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის მასალები
- შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტის მასალები
- შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმდინარე შესაბამისობის აუდიტის მასალები
- საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმდინარე შესაბამისობის აუდიტის მასალები
- საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მოქმედი სუბიექტების შესაბამისობის აუდიტის მასალები