სკვერში მოზარდს რკინის საქანელა დაეცა - არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი

25.06.26 16:47
სკვერში მოზარდს რკინის საქანელა დაეცა - არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი

 

 

თბილისში, ლოტკინის დასახლებში მდებარე სკვერში მოზარდს სარწეველა საქანელას რკინის კონსტრუქცია დაეცა - როგორც "პირველებს" კიშინიოვის ქუჩის მაცხოვრებლები უყვებიან, სკოლის მისწავლე კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგოს დაზიანებები თავისა და ხერხემლის არეში აღენიშნება. 

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. 

მას შემდეგ, რაც მომხდარით "ტვ პირველი" დაინტერესდა, შემთხვევის ადგილი გადაიღო და თვითმხილველები ჩაწერა, განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამაც. ნაძალადევის რაიონის გამგეობაში ამტკიცებენ, რომ ადგილი ჰქონდა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტს. განცხადების თანახმად, კონსტრუქცია რამდენიმე მოზარდმა დააზიანა. 

რას ამბობს მერია: 

თვითმხილველთა თქმით, ატრაქციონით სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და  წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა.

ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მიიღო მძიმე დაზიანებები. ნაძალადევის რაიონის გამგეობა მუდმივ კომუნიკაციაშია ოჯახთან და მათ გაეწიათ შესაბამისი დახმარება.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს ყველა სავარაუდო კითხვას. 

მოვუწოდებთ ყველას, გაუფრთხილდნენ, როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობას, ნუ დააზიანებენ სკვერებსა და ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურას, ნუ შეუქმნიან საფრთხეს გარშემომყოფებს."- წერია განცხადებაში.

რას ამბობენ თვითმხილველები:

ერთ-ერთი ადგილობრივი "პირველებს" ეუბნება, რომ მოზარდი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება: 

  • "მაღაზიიდან გამოვედი და იმ დროს გადაბრუნდა ეს საქანელა. აქ იყო ჩვეულებრივი სარწეველა, წინ იყო სკამი. ზედა მხარე მოხვდა, ზედ თმებიც კი ეკიდა. ძალიან მძიმედ არის ეს ბავშვი, კომაშიაო. ნაძალადევიდან, ქვემოდან იყო ამოსული... უბედურება მოხდა". 

ირკვევა, რომ სკვერი დაახლოებით 5 წლის წინ, პირადად კახა კალაძემ გახსნა. 

  • სკვერი გაკეთდა სადღაც 2020 წელს. კი [მერიიდან იყვნენ], ორი დღე იყვნენ. არტ ვიცი [რა თქვეს], თან რომ ეკითხები პასუხსაც არ გცემენ. სურათები გადაუღეს, ეს შემოღობილი იყო," - გვიყვება  კიდევ თვითმხილველი. 

14 წლის გოგო "ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალში", რეანიმაციულ ბლოკშია მოთავსებული. კლინიკას მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. 

რაც შეეხება გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით იძიებს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.