ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს - ექიმის პირველი კომენტარი

25.06.26 20:30
ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს - ექიმის პირველი კომენტარი

 

 

ელენე ხოშტარიას კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს - ეს ექიმის რეკომენედაციაა, რომელმაც პატიმარი პოლიტიკოსი დღეს მოინახულა.

მედიცინის დოქტორი მაკა იოსელიანი ამბობს, რომ  ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილი და  დამოუკიდებლად გადადგილება უჭირს, რის გამოც პაციენტის გასინჯვა სრულყოფილად ვერ მოხერხდა. ექიმის თქმით, სახეზეა ანთებითი პათოლოგია, რომელიც პროგრესირებს.

მაკა იოსელიანი პირდაპირ ამბობს, რომ აუცილებელია ელენე ხოშტარია სხვა პროფილის ექიმებმაც შეამოწმოს. 

პაციენტის გასინჯვის შედეგად რამდენიმე სახსრის დაზიანება გამოვლინდა როგორც პერიფერიული, ისე ცენტრალური, საუბარია წვრილ სახსრებზე, ფალანგებზე, მუხლებზე, მენჯ-ბარძაყებზე, რომელთა ნაწილის გასინჯვა ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილის გამო, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს ამის მცდელობა ჰქონდა.

რადიოლოგიურ კვლევას გავეცანი, რომელიც 2026 წლის აპრილის თვეში არის ჩატარებული, იქ ვლინდება რევმატული დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, არის სახსრის გავა-თეძოს სახსარი, რომლის ანთებაც არის აღწერილი.

არის ძლიერი ტკივილი, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, ხელჯოხს ხმარობს, უჭირს, თუმცა ასრულებას გარკვეულ მოძრაობებს თვითმომსახურების ფარგლებში. ამ მონაცემების მიხედვით, რევმატულ პათოლოგიაზე საუბარი არის ანთებით სახსროვან პათოლოგიაზე, რომელიც სავარაუდოდ პროგრესირებს, რადგან 2024 წელს მხოლოდ პერიფერიული სახსრები იყო. 2024 წელს თურქი ექიმების მიერ დაისვა დიაგნოზი რეაქტიული ართრიტი, ახლა ვითარება რადიკალურად შეცვლილია.

თუმცა ამით, ეს პრობლემა არ მთავრდება. 2024 წელს დაფიქსირებულია ჰემოლიზური ანემიის არსებობა, თურქეთის რესპუბლიკაში.

ამავე პერიოდში საუბარი იყო გარკვეულ ინფექციებზეც, რომლებზეც მკურნალობა ჩაუტარდა. გარკვეულ პერიოდში 2024 წლეს საუბარი არის, ფილტვის დაზიანებაზეც, რომლის სრული ვერიფიცირებაც ვერ მოხდა.

ეს ყველაფერი გამოკვლევების ჩატარებას აუცილებელს ხდის, მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე სპეციალისტის კონსულტაცია მოხდეს და უამრავი კვლევა ჩატარდეს, ასევე განისაზღვროს თუ რა როლი აქვს აუტო იმუნური ჰემოლიზური ანემია, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში, ეს საფრთხე მხოლოდ ჰორმონის მაღალი დოზის გამოყენების შემდეგ მოიხსნა.

პაციენტის გასინჯვა ძნელი იყო, მიუხედავად მისი მონდომებისა. ეს გაძნელება ჰქონდა ტკივილის გამო. პაციენტს სამედიცინო მაგიდაზე გასინჯვისთვის დაწოლა გაუძნელდა. ვერ გავსინჯეთ ტკივილის გამო - გავა-თეძოს სახსარი, ვერ შეფასდა ვერც მენჯ-ბარძაყის სახსრის მოძრაობა.

ვფიქრობ, რომ კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს, რადგან გამოირიცხოს ყველა შესაძლო ვარიანტი, გაითვალოს ყველა რისკი.

არც ერთი ქვეყნის ექიმი გამოკვლევას არ და ვერ დაიწყებს, სანამ სრულად კვლევა არ ჩატარდება“,- განაცხადა ექიმმა რევმატოლოგმა.

  • ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში "დროას" ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 
  •  "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება" - თქვა მაშინ ადვოკატმა. 
  • იურისტის განცხადებას "დეზინფორმაციაა" უწოდა პენიტენციურმა სამსახურმა. უწყებაში თქვეს, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა. პატიმარი კი ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.