ხმაური "პირველ სამშობიაროსთან" - პაციენტის ოჯახი ექიმებს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს

26.06.26 13:36
ხმაური "პირველ სამშობიაროსთან" - პაციენტის ოჯახი ექიმებს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებს

 

 

ხმაურია პირველ სამშობიაროსთან - პაციენტის ოჯახის წევრებმა კლინიკის ხელმძღვანელის კაბინეტი დაიკავეს და ითხოვენ, რომ 32 წლის სიმა კულიევა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

ოჯახი ამტკიცებს, რომ კლინიკაში შეყვანის და ოპერაციის გაკეთების შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა.

როგორც 32 წლის ქალის ახლობლები "პირველებთან" აცხადებენ, გეგმიური ოპერაციის ჩატარებიდან მალევე, პაციენტს სეფსისი განუვითარდა და 2 კვირაზე მეტია, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. 

პაციენტის ოჯახის წევრების აღნიშნავენ, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს, რო­მე­ლიც 15 დღეა კლი­ნი­კა­შია, დი­ა­ლი­ზის აპა­რა­ტი სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა „გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი აქვთ და ვერ უკე­თე­ბენ“.

"გოგოს თირკმელები გაუჩერდა [თირკმლის მწვავე უკმარისობა]. 15 დღეა საავადმყოფოშია. ჭრილობა დაჩირქებულია და შესაბამისი მოვლა არ აქვთ. სამშობიაროში რა უნდა ინფექციურ პაციენტს? რატომ არ გადაიყვანეს დროზე სხვა კლინიკაში?! ახლა, გოგო, ცუდად გახდა და დიალიზის აპარატი გაფუჭებული აქვთ, ვერ უკეთებენ“, - ამბობს ოჯახის წევრი.

კულიევას ახლობლები მედიკოსის, ზაზა ზაუტაშვილის გვარს ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ მას შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა.  

 პატარა ჯირკვალი ჰქონდა - ზაზა ზაუტაშვილმა უთხრა, არანაირი საშიშროება არ აქვს, 15 წუთიანი ოპერაცია არისო, გაგიკეთებო, არანაირი საშიშროებაო, საღამოს წახვალ სახლშიო. საღამოს ვერ წავედით სახლში, იმის მერე ჩემი შვილი მძიმდება და მძიმდება... გთხოვთ დაეხმაროთ ჩემ შვილს, 6 წლის შვილი ჰყავს, არ გაწიროთ. ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, ღმერთის სახელით"  - ამბობს ტვ პირველთან 32 წლის ქალის, სიმა კულიევის დედა.

სიმა კულიევას დედა "ავერსის" დამფუძნებელს, პაატა კურტანიძეს მიმართავს, პირადად ჩაერთოს საქმეში და პაციენტი "პირველი სამშობიაროდან" "ავერსის კლინიაკში" გადაიყვანონ. 

სამედიცინო დაწესებულების პოზიციას რაც შეეხება, მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა კლინიკის წარმომადგენლის ოთახი დაიკავეს, მან ოჯახის წევრებს მიმართა: „ვცდილობ, ვრეკავ. მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას სხვა კლინიკაში გადაყვანაზე".

ირკვევა, რომ 32 წლის გოგო და ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაცვლილი 35 წლის ქალი, ნინო მუჯირი ერთ პალატაში იყვნენ, რომლის ოჯახის წევრები მედიკოსების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ.