ორგანოებით ვაჭრობის სავარაუდო სქემა - მედიკოსები რისკებზე საუბრობენ და სახელმწიფოსგან მკაცრ რეგულაციებს ითხოვენ
საოპერაციო მაგიდაზე გარდაცვლილი დონორები და უკონტროლო რისკები - მედიკოსები ორგანოებით ვაჭრობის სავარაუდო სქემის უმძიმეს შედეგებზე საუბრობენ და სახელმწიფოსგან მკაცრ რეგულაციებს ითხოვენ.
მედიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიოსი ვახტანგ სურგულაძე პირდაპირ ამბობს, რომ ამ საკითხში საქართველო ავღანეთს და სირიას უახლოვდება.
საქართველოში რა ხდება, ძალიან რთული სათქმელია, განსაკუთრებით ღვიძლის მარცხენა ნაწილის დონორობის დროს. ვინ მიდის, როგორ მიდის, რამდენად კონტროლდება ეს ყველაფერი, საკმაოდ ბუნდოვანია. და, ის ეკონომიკური სიდუხჭირე, რაც ქვეყანაშია, ავღანეთს ვუახლოვდებით და სირიას, სადაც საკმაოდ გავრცელებულია ეს მომენტები, როდესაც უცხო ადამიანი ხდება დონორი თავისი ორგანოსი, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენც მალე მაგ დონეზე დავალთ, პრაქტიკულად შავი ბაზარი ჩნდება, როცა ადამიანი ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია, გაყიდოს თავისი როგანო, - ამბობს "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი ვახტანგ სურგულაძე.
ქირურგი ლევან ფერაძე კი ამბობს, რომ მსგავსი პრაქტიკა მხოლოდ ოჯახის წევრის შემთხვევაშია დასაშვები და ისიც, სერიოზულ რისკებს შეიცავს.
ეს მსხვერპლი შეიძლება, გაიღო ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც შენს დას, ძმას, დედას, მამას შეიძლება ჰქონდეს და თანაც, ტიპირებით გამოდის, რომ გენეტიკური სიახლოვე გაქვს. დონორი თავისთავად ზიანდება ღვიძლის ნაწილით, ერთი თირკმელის გადანერგვით. არის შემთხვევები აღწერილი, როდესაც დონორი დაღუპულა საოპერაციო მაგიდაზე, ასეთებიც ხდება. სხვათაშორის, საქართველოშიც მოხდა, ჩვეულებრივი კანონიერი გადანერგვის დროს დონორი დაიღუპა. საზღვარგარეთ ჩვენი წასული პაციენტები, რომლებიც წავიდნენ გადასანერგად, იქაც მოხდა, რომ დონორი დაიღუპა. ასე რომ, სერიოზული რისკი არსებობს და ამას უნდა ძალიან მკაცრი ბრძოლა, სასტიკი ბრძოლა და ძალიან მკაცრი რეგულირება, - ამბობს ქირურგი ლევან ფერაძე.
უფლებადამცველ ბაია პატარაიას განცხადებით, საქართველოში ორგანოებით უკანონო ვაჭრობის სქემა მოქმედებს, რაზეც პროკურატურასა და პოლიციას რეაგირება არ აქვთ. "საფარის" ხელმძღვანელი აღნიშნული კრიმინალური საქმიანობის დამადასტურებელ მასალებს აქვეყნებს.
პატარაიას ცნობით, უკანონო გარიგებებში სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მოქალაქეები არიან ჩართულნი, რომლებიც ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ თირკმლისა და ღვიძლის გასხვისებას თანხმდებიან.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ "პირველები" კავშირზე იმ ადამიანთან გავიდა, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული. ქალი, რომელმაც ანონიმად დარჩენა არჩია, ადასტურებს, რომ საქართველოში ორგანოებით ვაჭრობა ნამდვილად ხდება, თუმცა ეს, მისი მტკიცებით, ოფიციალურად ხორციელდება.