კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო უფლისციხის ირგვლივ გავრცელებულ ცნობებს პასუხობს

08.11.26 17:01
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო უფლისციხის ირგვლივ გავრცელებულ ცნობებს პასუხობს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

უწყება ამტკიცებს, რომ ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.

„განხორციელებული გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სპეციალისტების მიერ ვიზიტორთათვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უფლისციხე რთული ბუნებრივი გარემოს პირობებში არსებული უნიკალური კლდეში ნაკვეთი ძეგლია, რომლის დაცვა მუდმივ კვლევას, დაკვირვებასა და შესაბამის ჩარევებს საჭიროებს. სწორედ ამ მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს ძეგლის მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი. 2019 წლიდან დაიწყო ადგილობრივი ქვიშაქვისა და მასზე კლიმატური პირობების ზემოქმედების კვლევაც. სპეციალისტთა ჩართულობით განხორციელდა სამხრეთ-დასავლეთით არსებული კლდოვანი მასივის სკანირება, დაზიანებული უბნების გამოვლენა, გამაგრება და ანკერირება. არსებული ბუნებრივი გამოწვევების პარალელურად, ძეგლის მუდმივი შეფასება და შესაბამისი პრევენციული და საკონსერვაციო ღონისძიებების გატარების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ობიექტური შეფასება უნდა ეფუძნებოდეს სპეციალისტების დასკვნებსა და ფაქტებს და არა დაუსაბუთებელ განცხადებებს”, - ნათქვამია განცხადებაში. 

უფლისციხის ისტორიულ კომპლექსში კლდის ჩამოშლისა და ქვათაცვენის შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაცია და ამსახველი ფოტომასალა თავდაპირველად გიდმა ნანა ზარდიაშვილმა გაავრცელა. მისი ცნობით, კომპლექსის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაში - კლდეში გამოკვეთილ, ორსვეტიან „თამარის დარბაზში“, დაზიანებულია უნიკალური კესონური ჭერი, რაც დამთვალიერებლების უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. 

მსგავსი სიახლეები