ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ატრაქციონზე 12 წლის ბავშვი დაშავდა - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ფაქტს ადასტურებენ ბათუმის მერიაში, თუმცა ამბობენ, რომ სკვერში ატრაქციონები გამართულია და არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ბავშვის დაზიანება.
„ბათუმელები“ ესაუბრა ბავშვის დეიდას, რომელიც ამბობს, რომ საქანელა, რომელზეც მისი დისშვილი დაშავდა, არაერთხელ ყოფილა დაზიანებული და მშობლები თავად ცდილობდნენ შეკეთებას.
„ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული და 2 კვირა ასე უნდა იყოს. ჯერ არ ვიცით, შეძლებს თუ არა ფეხის დადგმას ამის შემდეგ. კიდევ კარგი, საქანელას ჩაწყვეტით უკან არ გადავარდა და ხერხემალი არ დაიზიანა.
არც მცირეწლოვნების საქანელებია კარგ მდგომარეობაში. უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ საქანელებზე 15-16 წლის ბავშვებიც ზიან ხოლმე და ხშირად უნდა შეამოწმონ.
ამ შემთხვევის შემდეგ ჯაჭვები შეცვალეს მხოლოდ და ისიც ნაწილ-ნაწილ. ისედაც ჩანს, რომ ნაწილია გამოცვლილი, რადგან ძველი ჯაჭვები მიჟანგულია და ახალი ვერცხლისფრად პრიალებს. ეს პოსტიც იმიტომ დავდე ფეისბუქზე რომ მინდოდა, სხვებსაც ჰქონოდათ ამაზე ინფორმაცია“- ამბობს ბავშვის დეიდა, თამო ბოლქვაძე „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, ბავშვთა გასართობი ტერიტორია ასევე გაუმართავია ფიროსმანის ქუჩის ბოლოს.
„არის შემთხვევები, როცა დიდებიც აზიანებენ ამ საქანელებს, ფეხებითაც დგებიან, მაგრამ თვეში ერთხელ ხომ უნდა შემოწმდეს ატრაქციონები? შარშან ზაფხულშიც იგივე სიტუაცია გვქონდა, რამდენჯერმე ჩაწყდა საქანელები და უნდა გენახათ, რა მდგომარეობა იყო. ხელით რომ იყო შეკეთებული ეს ჯაჭვები, ალბათ ამის გამო, დამოკლებული იყო ბევრ ადგილას და საქანელები სწორად კი აღარ იდგა, დაყირავებული იყო.
უნდა ნახოთ, რა სისწრაფით ქანაობენ ბავშვები და ჰაერში რომ ჩაუწყდეთ, წარმოიდგინეთ, რა დაზიანებას მიიღებენ.
ჩამოსასრიალებელი ადგილებიც არ არის მყარად გაკეთებული, რადგან ბევრჯერ შევნიშნე, რომ ბავშვების ჩამოსრიალების შემდეგ გადაიზნიქება ხოლმე ატრაქციონი და ეს ძალიან საშიშია“ – ამბობს თამო ბოლქვაძე.