დღეს გახდება ცნობილი, რა სასჯელს დააკისრებენ ქალ აქტივისტს, რომელმაც ივანიშვილი დაწყევლა

29.06.26 13:09
დღეს გახდება ცნობილი, რა სასჯელს დააკისრებენ ქალ აქტივისტს, რომელმაც ივანიშვილი დაწყევლა

 

 

ფინანსური სანქცია თუ ადმინისტრაციული პატიმრობა - თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს ასამართლებენ.

ცოტა ხანში გახდება ცნობილი, რა სასჯელს დააკისრებს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი სამოქალაქო აქტივისტს.

თამარ გიორგაძე, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს ეზოში ელოდება, ამბობს, რომ ეს არის სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და თავს დამნაშვედ არ ცნობს.

მედავებიან ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფას. მე დავწერე პოსტი ჩემ პირად გვერდზე, სადაც შეურაცხყოფად მიიჩნიეს წყევლა, რომელიც ივანიშვილთან მიმართებაში მქონდა დაწერილი. მოსამართლეა ქოჩქიანი, ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. სოციალური სივრცე არის თავისუფალი სივრცე, აზრის გამოხატვა კონსტიტუციით არის დაცული და სიტყვის თავისუფლებაც კონსტიტუციითაა დაცული, - ამბობს თამარ გიორგაძე. 

„ოცნებაში“ “სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს მუშაობით კმაყოფილები არიან. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ლანძღვა-გინება შემცირებულია და სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი, რის გამოც სამმართველო შექმნეს.

დღეს სიძულვილი ქართველების თვალში ასოცირებულია პროევროპულობასთან, ვხდავთ, რომ ისინი, ვინც იბრალებენ პროევროპულობას, სწორედ ისინი არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებელები სოცმედიაში. თუ კი ევროკავშირს არ უნდა, რომ კვლავ ასოცირებული იყოს უხამსობასთან, ლანძღვა-გინებასა და სიძულვილის ენასთან, ვფიქრობ, ევროკავშირიც უნდა იყოს გულშემატკივარი ამ წამოწყებისა. გავიგეთ, რომ ლანძღვა-გინება კარგად სცოდნიათ, მაგრამ აბა ლანძღვა-გინების მიღმა, თუ აქვთ რაიმე არგუმენტი და სათქმელი, ამას დავინახავთ, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

11 ივნისს აქტივისტმა ბიძინა ივანიშვილი დაწყევლა.  ოქმს, რომელიც 15 ივნისით თარიღდება, სამმართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სანდრო კეპაშვილი აწერს ხელს. ახალმა სამმართველომ ჩათვალა, რომ პოსტის შინაარსი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.

აღნიშნული მუხლი ჯარიმას [500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით] ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები