ვის ეკუთვნოდა 40 მილიონი რუბლი, რომელიც რუსეთიდან არალეგალურად შემოვიდა? - დაარღვევს თუ არა დუმილს ლევან ახობაძე
იტყვის თუ არა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვის ეკუთვნოდა 40 მილიონი რუბლი, რომელიც რუსეთიდან არალეგალურად შემოვიდა? - ადვოკატების თქმით, ლევან ახობაძე ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის პროცესი ამ წუთებში იწყება.
როგორც უფლებადამცველი რაჟდენ კურპაშვილი, მედიას ეუბნება, საქმეში ლევან ახობაძის აღიარებითი ჩვენება პროკურატურას არ აქვს.
დღეს იხილება აღკვეთის გადასინჯვის საკითხი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია. ბატონი ლევან ახობაძე დღემდე დუმილის უფლებით სარგებლობს. საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებით რა დამატებითი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მტკიცებულებები, რაც არის წარმოდგენილი საქმეში, არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ ადამიანს შეეფარდოს დაპატიმრება.
არ დევს საქმეში აღიარებითი ჩვენება, რადგან ის უდანაშაულოდ მიიჩნევს თავს". - თქვა კურპაშვილმა.
დღეს ჟურნალისტებმა რაჟდენ კუპრაშვილს ჰკითხეს, დევს თუ არა საქმეში ე.წ. ვალუტჩიკის (ვალუტის ჯიხურში მომუშავე) გიორგი ლომიძის ჩვენება.
საუბარია კაცზე, რომლის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" მოამზადა. გიორგი ლომიძემ მაშინ არ უპასუხა კითხვას, დევს თუ არა მისი ჩვენება ახობაძის საქმეში. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, გიორგი ლომიძე აღნიშნული საქმის ირგვლივ პროკურატურამ გამოკითხა.
დღეს ახობაძის ინტერესების დამცველმა არც უარყო და არც დაადასტურა, რომ საქმეში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის წინააღმდეგ სწორედ გიორგი ლომიძის ჩვენება დევს.
რაჟდენ კურპაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან რომ ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
მე არ შემიძლია რაიმე სახის კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვისაუბრო, რადგან მაქვს დათქმა გაუთმქელოაბაზე, ამიტომ ვერც უარვყოფ და ვერც დაგიდასტურებთ. არც ისე ბევრი ჩვენება დევს საქმეში ახობაძის წინააღმდეგ", -განაცხადა კუპრაშვილმა.
იგივე გაიმეორა მედიასთან ახობაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა - დავით სიმონიაც აცხადებს, რომ კონკრეტულ კითხვებზე, გაუთქმელობიდან გამომდინარე პასუხებს ვერ გასცემს.
კითხვა: ვის ეკუთვნოდა 40 მილიონი რუბლი, რომელიც რუსეთიდან არალეგალურად შემოდიოდა? და დევს თუ არა საქმეში გიორგი ლომიძის ჩვენება?
ადვოკატი: იგივე შინაარსის კითხვაა, რაზეც ვერ გაგცემთ პასუხს. თავს ცნობს უდანაშაულოდ. აბსურდულია ეს კონკრეტული ბრალი. ვერ გეტყვით (ვის ეკუთვნოდა 40 მილიონი რუბლი)
დავით სიმონიას "პირველებმა" ჰკითხა, ცდილობს თუ არა პროკურატურა ლევან ახობაძისგან გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მოპოვებას:
ჩვენთან ამაზე საუბარი არ არის. ჩვენ არ ვართ აღნიშნულ საქმეში ჩართული, რომელიც ბატონ გრიგოლს ეხება". - თქვა უფლებადამცველმა.
სუს-მა ბრიფინგზე თქვა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების ნაწილში ინფორმირებული იყო.
- სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს გადასცა 250 000 ლარი"- თქვეს სუს-ის ბრიფინგზე.
პროკურატურის განცხადებაში სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის განცხადებისგან განსხვავებით სუს-ის ყოფილი შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის გვარი ნახსენები არ არის.
გრიგოლ ლილუაშილის ყოფილი მოადგილე სუს-მა 22 მაისს დააკავა. სუს-ი ამბობს, რომ ახობაძემ 250 000 ლარის ოდენობის ქრთამი მეწარმისგან სუს-ში, საკუთარ კაბინეტში მიიღო.
რა წერია საქმის მასალებში:
- 2024 წლის აპრილში, იკავებდა რა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის თანამდებობას, მისთვის ცნობილი გახდა, რომ კერძო მეწარმეს, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ჩამოერთვა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 000 000 რუსული რუბლის (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) ოდენობით.
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის ჩართულობით და მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, 2024 წლის 29 აპრილს მეწარმის საჩივარი დაკმაყოფილდა, შეეცვალა შეფარდებული სანქცია და საქონლის უსასყიდლო ჩამორთმევის სანაცვლოდ დაეკისრა ჯარიმა საზღვარზე შემოტანილი ნაღდი ფულის 10%-ის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ, 2024 წლის მაისში, შუამავლების მეშვეობით, მეწარმემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ქრთამის სახით გადასცა წინასწარ შეპირებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 250 000 ლარი.
ახობაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.