მილიონ-ნახევრიანი პენტჰაუსი ოქროს და ბრილიანტების შესანახი დაკამერებული საცავით - ვისთან მივა გადამალული ქონების კვალი?

27.06.26 21:45
მილიონ-ნახევრიანი პენტჰაუსი ოქროს და ბრილიანტების შესანახი დაკამერებული საცავით - ვისთან მივა გადამალული ქონების კვალი?

ვის ეკუთვნის თბილისის ერთ ერთი ყველაზე ძვირადღირებული რეზიდენცია, რომელიც ახლა მილიონ ნახევარ დოლარად იყიდება? - თითქმის 1000 კვადარტული მეტრი პენტჰაუსი ოქროს და ბრილიანტების შესანახი დაკამერებული საცავით, სვაროვკის სამმეტრიანი ჭაღებით, აუზით საკუთარ ტერასაზე და თბილისზე პანორამული ხედებით არის აღჭურვილი.

"შაბათის ეთერს" უყვებიან, რომ რეზიდენციის რეალური მფლობელი "ქართულ ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც დაკავებების ცნობილი სერიის შემდეგ ახლა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რეზიდენციის მოცილებას ცდილობს.

საჯარო რეესტროს დოკუმენტების თანახმად კი, რეზიდენციის მფლობელი ზურაბ ვარსემაშვილია. ვარსემაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვახტანგ გომელაურის ახლოს გარემოცვის წევრია.

ვარსემაშვილი "შაბათის ეთერს" უმტკიცებს, რომ სახლი არა "ქართული ოცნების" ყოფილმა მაღალჩინოსანმა, არამედ  თბილისის ცნობილმა ე.წ. „ვალუტჩიკმა“ გიორგი ლომიძემ გადაუფორმა.

კაცი, რომელზეც ამბობენ, რომ მილიონ ნახევრიანი პენტჰაუსის რეალური მფლობელია, ირკვევა რომ რეალურად დიღმის მასივში ქირით ცხოვრობს და ვალუტის გაცვლით არის დაკავებული.

გიორგი ლომიძე ამტკიცებს, რომ სხვის სახელზე გაფორმებული ბინა მისია, თუმცა არ ახსოვს, რამდენი გადაიხადა ბინაში, რომელიც ახლა მილიონ ნახევრად იყიდება. 

  • "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ 944 კვადრატი ონიაშვილზე საბანკო სესხის გარეშეა შეძენილი. ლომიძის სახელზე არც სხვა სახის არანარი ქონება ირიცხება, რომლის უზრუნველყოფითაც ამ ოდენობის სესხს გამოიტანადა. ის ამუშავებდა სავალუტო პუნქტს ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, რომელიც როგორც ირკვევა, მისიც კი არ იყო და ქირით ჰქონდა აღებული. 

ე.წ. ვალუტჩიკი ლომიძე ირწმუნება, რომ ვარსემაშვილზე ქონება, მის მიმართ არსებული ვალის გამო გააფორმა. შემდგომში გადამოწმების მიზნით, ვისმენთ ამ ვერსიასაც.
"ვალი მაქვს და რომ გაიყიდება მივცემ. როცა იყიდეთ მაშინ ვალი არ გქონდათ? არა". 

ლომიძე "შაბათის ეთერს" უგზავნის ნოტარიულად დამოწმებულ ვალის აღიარების დოკუმენტსაც, თუმცა ნოტარიული აქტის შედგენის თარიღი 2025 წლის 6 ნოემბერია. ბინა კი ვარსემაშვილზე, თითქმის 2 წლით ადრე, 2024 წლის იანვარში გაფორმდა. 
ვალის ოდენობად 200 ათასი დოლარია მითითებული, მოვალეს კი მილიონზე მეტის ღირებულების აპარტამენტი გაუფორმეს.

  • შაბათის ეთერის ინფორმაციით, გიორგი ლომიძე გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილის, ლევან ახობაძის საქმეში ფიგურირებს. ახობაძეს, ლარსის საბაჟოზე, რუსეთიდან შემოტანისას ჩამორთმეული, 40 მილიონი რუსული რუბლის მეპატრონისთვის დაბრუნების სანაცვლოდ, კაბინეტში დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.

რეალურად ვისი ქონების სამალავია ან ვალუტჩიკი გიორგი ლომიძე ან ვახტანგ გომელაურთან აფილირებული ზურაბ ვარსემაშვილი?! მით უფრო რომ ნახევარ მილიარდიანი პენტჰაუსის გარდა, 2025 წლის იანვარში, დედაქალაქის ცენტრში, ვარსემაშვილის სახელზე კიდევ ერთი სოლიდური ქონება გაფორმდა.

  • გარდა ამისა, ვარსემაშვილის სახელზე 2024 წელს, ხშირ შემთხვევაში ერთსა და იმავე დღეს ფორმდება ჯამში რამდენიმე მილიონის ქონება. 2 ბინა შარტავას ქუჩაზე, 4 მიწის ნაკვეთი საგურამოში და უზარმაზარი ფართობი წეროვანში. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, მიწის თანამესაკუთრე, შპს ,,გტ ბენეფიტსია.’’ ბენეფიტსს კი ქართული ოცნების ოქროს მოწმე ზურაბ ტუკვაძე ფლობს. კაცი, რომლის ჩვენებების საფუძველზე ციხეში ჯუანშერ ბურჭულაძე ზის. 

ლომიძე ამტკიცებს, რომ ბინა მისია, ვარსემაშვილი კი ამბობს, რომ ქონება მის სახელზე უბრალოდ გააფორმეს. მილიონ ნახევრიანი რეზიდენცია მანამდე, ამავე კორპუსის მშენებლის, ტარიელ ღარიბაშვილის მეგობრის, ვასილ ბოლაშვილის ოჯახს ეკუთვნოდა. 

დეტალები ნახეთ, მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟში.