"პირველების" ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟია
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი, გიორგი მალანია.
როგორც "პირველებმა" გაარკვია, მერაბ მალანიას შვილს ხელბორკილები მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე საათის წინ დაადეს.
გიორგი მალანიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ლანჩხუთში ჩატარდა. ამის შესახებ "პირველებს" მალანიას ოჯახის წევრი, კოტე მალანია უდასტურებს.
ირკვევა, რომ გიორგი მალანია გურიაში, დედის სოფელში იმყოფებოდა, როცა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები მის დასაკავებლად მივიდნენ.
გამიხეთქა ჩემმა ძმამ გულგახეთქილმა, რომ დაიჭირეს ჩვენი ძმის შვილიშვილიო. არვიცოდი, თუ ამ დონემდე მივიდოდა. ჩემმა ძამამ მითხრა დედამისის სოფელში, ლანჩუთში აქვთ სოფელი იქ დააკავესო. იქ დაადგნენ ბავშვს თავზე და დაიჭირესო. ალბათ გუშინ დააკავეს. ერთადერთი ზარსი გამო შეიძლება ბავშვი ციხეში 15 წლით ჩაჯდეს? გამოკითხვაზე იყო ბევრჯერ აქამდე, დაკითხეს პროკურატურაში და არაფერი არ იყო მის წინააღმდეგ და არვიცი, რომ ასე შეტრიალდა საქმე", - ამბობს ბიძა კოტე მალანია.
ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე გიორგი მალანიას დაკავებას თვეებია ითხოვდა. გიორგი მალანიას დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საგამოძიებო უწყებებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.
ცნობისთვის დღეს მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული.
როგორც საქმის პროკურორმა, ქეთი სონიძემ რამდენიმე დღის წინ "პირველებთან" განაცხადა, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, სწორედ გიორგი მალანიამ მისცა გიგა ავალიანის მისამართი მკვლელობაში მსჯავრდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს.
გიგა ავალიანის საქმეზე ჯამში, ხუთი პირია მსჯავრდადებული. ორ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
რა მოხდა 2025 წლის პირველ ოქტომბერს?
- საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
- რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
- სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.