მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული. სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დაკავებულის ვინაოაბს არ ასახელებს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ ხელბორკილები საგამოძიებო ორგანომ კონკრეტულ პირს დაადო.
დღეს მე როგორც ვიცი, ამ ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შემდეგად უკვე დაკავებულია ერთი კონკრეტული პირი რომელზეც ბოლო პერიოდში იყო საუბარი.
დაზარალებული, მისი ოჯახის წევრები, ადვოკატები მუდმივად საქმის კურსში არიან ჩატარებული თუ ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. გაგებით ვეკიდებით ყველა სიტყვას - დაზარალებულს ყველაზე მეტის თქმის უფლება აქვს, მაგრამ ამავე დროს ყველას ვთხოვთ, დაზარალებულებს და არა მხოლდო ამ საქმეზე დაზარალებულებს, როდესაც საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც",- თქვა მდინარაძემ.
"ტვ პირველი" მოკლული მასწავლებლის დედას დაუკავშირდა - ეკა კუპატაძე ამბობს, რომ ახალი დაკავებულის შესახებ მანაც ამ წუთებში შეიტყო მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან.
ცნობისთვის, ეკა კუპატაძე ორ გვარს ასახელებს, ვის დასჯასაც აქტიურად ითხოვს - ეს არის ნია იმნაძე (რომელსაც მოკლული მასწავლებლის დედა დანაშაულის ორგანიზებას ედავება) და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, მერაბ მალანიას შვილი, გიორგი მალანია.
როგორც საქმის პროკურორმა, ქეთი სონიძემ რამდენიმე დღის წინ "პირველებთან" განაცხადა, გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, სწორედ გიორგი მალანიამ მისცა გიგა ავალიანის მისამართი მკვლელობაში მსჯავრდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს.
გიგა ავალიანის საქმეზე ჯამში, ხუთი პირია მსჯავრდადებული. ორ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
რა მოხდა 2025 წლის პირველ ოქტომბერს?
- საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
- რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
- სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.