"ვიღაც უძილაური კი არ ისჯება, ისჯება ევროკავშირი" - რაზე ისაუბრა გიორგი უძილაურმა სასამართლოში

02.07.26 13:32
"ვიღაც უძილაური კი არ ისჯება, ისჯება ევროკავშირი" -  რაზე ისაუბრა გიორგი უძილაურმა სასამართლოში

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი გიორგი უძილაური ამტკიცებს, რომ მისი დაკავებით "ევროკავშირი ისჯება". 

„ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელის სიტყვის შინაარსი მედიას პროცესის დასრულების შემდეგ მისმა ადვოკატმა, ბექა გულედანმა გააცნო. 

მისი თქმით, ბრალდებულის პოზიცია უცვლელია, უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"გიორგი უძილაურმა პროცესზე თქვა, რომ ევროპეიზმი დღეს საქართველოში ისეთივე დასჯადია, როგორც ფაშისტური გერმანია დევნიდა ებრაელებსო"- აცხადებს ადვოკატი. 

იურისტის თქმით, გიორგი უძილაურმა პროცესზე თქვა ისიც, რომ ჯაშუში არ არის არც გულბაათ რცხილაძე, რომელიც ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ბექა გულედანის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღნიშნა, რომ რცხილაძე უბრალოდ პრორუსია და მისი დაკავებით სახელმწიფომ პარიტეტი დაიცვა, "ვითომდა რუსეთის აგენტურასაც ვებრძვითო". 

ბრალდებულის პოზიცია უცვლელია, არ ცნობს თავს დამნაშავედ. დღეს სასამართლო სხდომაზე გააჟღერა რომ ვიღაც გიორგი უძილაური კი არ ისჯება, ისჯება ევროკავშირი. ასევე თქვა, რომ გულბაათ რცხილაძეც არ არისო ჯაშუშიო, ის უბრალოდ პრო-რუსიაო და პარიტეტი დაიცვაო სახელმწიფომ იმისთვის, რომ ვითომდა რუსეთის აგენტურასაც ვებრძვითო. თქვა, რომ ევროპეიზმი დღეს საქართველოში ისეთივე დასჯადია, როგორც ფაშისტური გერმანიის დროს ებრაელობა. ეს პოზიცია დააფიქსირა გიორგი უძილაურმა. 

ჩვენ მოვითხოვეთ აღკვეთი ღონისძიების გაუქმება, აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება და ასევე საქმის შეწყვეტა, ვინაიდან არ იყო მტკიცებულებების ის სტანდარტი, რომელიც შესაძლებელია საქმის არსებით განსახილველად გადაცემას დაედოს საფუძვლად. სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული და საქმე გადაეცა არსებითი განხილვისთვის," - ამბობს ადვოკატი ბექა გულედანი. 

ცნობისთვის, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაური აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვა

  • შეგახსენებთ, რომ საქმეს გრიფი ადევს, შესაბამისად პროცესები დახურულია.

გიორგი უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.