"არ არსებობს ხანძრის გაჩენის ფაქტი და დაწვის შედეგად მიღებული საკვლევი მასალა" - ელისაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

03.07.26 11:16
"არ არსებობს ხანძრის გაჩენის ფაქტი და დაწვის შედეგად მიღებული საკვლევი მასალა" - ელისაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

"არ არსებობს ხანძრის გაჩენის ფაქტი და ობიექტის დაწვის შედეგად მიღებული საკვლევი მასალა" - სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ელისაშვილის საქმეზე ექსპერტიზას ვერ ატარებს.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატების მიერ წარდგენილ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მათ არ შეუძლიათ იმსჯელონ ისეთ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც არ მომხდარა.

“წარმოადგენენ გარკვეულად თეორიულ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა არსებული პრაქტიკისა და მეთოდიკის საფუძველზე შეუძლებელია“, - წერია დასკვნაში.

თქვენს მიერ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, 2026 წლის 25 თებერვლის მომართვით (ბ/რ №1001594826) დანიშნულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სეებ-ის სახანძრო ექსპერტიზის კვლევის ძირითად საკითხებს წარმოადგენენ: - ხანძრის კერის განსაზღვრა; ხანძრის გაჩენისა და განვითარების მიზეზები და ასევე შემთხვევის ადგილიდან აღებული შესაბამისი ნიმუშები და ამოღებული ნივთმტკიცებები,
რაც შეეხება დასმულ კითხვებს, რომლებიც როგორც კონკრეტულ შემთხვევაში ირკვევა, მოვლენათა განვითარების ჰიპოთეტურ სცენარს ემყარებიან, - ვინაიდან არ არსებობს ხანძრის გაჩენის ფაქტი და ობიექტის დაწვის შედეგად მიღებული საკვლევი მასალა, წარმოადგენენ გარკვეულად თეორიულ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა არსებული პრაქტიკისა და მეთოდიკის საფუძველზე შეუძლებელია, რის გამოც თქვენს მიერ 2026 წლის 25 თებერვლის მ/რ №1001594826 მომართვით დანიშნული ექსპერტიზა სეებში ვერ ჩატარდება, - წერია ექსპერტიზის პასუხში. 

ელისაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ აღნიშნული დასკვნა “პირდაპირ შლის იმ ბრალის დადგენილებას, რომელიც წარდგენილი აქვს ელისაშვილს“.

ვიწყებთ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ჩვენ მივირეთ სამხარაულის ექსპერტიზისგან, ეს შეეხება ხანძართან დაკავშირებით იმ შესაძლო განვითარებას, თუ რა შეიძლება გამოეწვია კონკრეტულად ამ ხანძრის გაჩენას. გამოიწვევდა თუ არა შენობის განადგურებას, დესტაბილიზაციას, რასაც პროკურატურა გვედავება, თუმცა, სამხარაულის ექსპერტიზა გვწერს, რომ ეს არის ჰიპოთეტური, შეუძლებელია, აღნიშნულ ვიტარებაში დადგინდეს, თუ რა ზიანი შეიძლება გამოეწვია, განადგურდებოდა თუ არა სასამართლოს შენობა, რაც  პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ ექსპერტმა არ იცის აღნიშნულთან დაკავშირებით, მაშინ  შეუძლებელია იურისტმა, პროკურორმა, აღნული მტკიცებით ფორმაში თქვას, რომ კონკრეტული ქმედება, რაც განაოხრციელა კონკრეტულმა პირმა, დესტაბილიზაციას და განადგურებას გამოიწვევდა. ეს პირდაპირ შლის იმ ბრალის დადგენილებას, რომელიც წარდგენილი აქვს ელისაშვილს, - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა. 

ცნობილია, რომ ალეკო ელისაშვილს მეორედ დასდეს ბრალი ტერორისტულ აქტში. ორივე საქმე სასამართლოს შენობას უკავშირდება. არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკოსი ბრალს არ აღიარებს.

ახალ საქმეზე პროკურატურის მთავარი “მოწმეები” სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები არიან, რომლებმაც პროკურატურის მტკიცებით, ელისაშვილის სუნი სხვებისგან გამოარჩიეს: 

  • ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.