საქსტატი სურსათის გაიაფებაზე საუბრობს, მოქალაქეები კი ამბობენ, რომ ფასების კლებას ვერ გრძნობენ

03.07.26 20:14
საქსტატი სურსათის გაიაფებაზე საუბრობს, მოქალაქეები კი ამბობენ, რომ ფასების კლებას ვერ გრძნობენ

საქსტატის მონაცემებით, ივნისში წინა თვესთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 0,1%-ით შემცირდა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი 2%-ით გაიაფდა. სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 1,5%-ით შემცირდა რძის პროდუქტების, შაქრისა და ტკბილეულის, ასევე მწვანილის ფასი.

ფასების შემცირების შესახებ ოფიციალური სტატისტიკის მიუხედავად, მოქალაქეები აცხადებენ, რომ ყოველდღიურ საყიდლებზე გაიაფებას ვერ გრძნობენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილმა ფასების ვებგვერდმა, რომელზეც ფასდაკლებული პროდუქციის მოძიებაა შესაძლებელი, რეალური შედეგი ვერ გამოიღო.

"ოცნების" გუნდში კი აცხადებენ, რომ ფასების კლების ტენდენცია უკვე იკვეთება.

ამასთან, წლიურ ჭრილში ივნისში სურსათი კვლავ გაძვირებულია. „საქსტატის“ მონაცემებით, მომატებულია თევზეულის, ხორცის, ხილის, პურისა და ზეთის ფასი. წლიურმა ინფლაციამ 5,8% შეადგინა.

ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორისაა ქლიავი, რომლის ფასიც, მონაცემების მიხედვით, 98%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვნადაა გაძვირებული დიზელიც - 48%-ით. ათ ყველაზე გაძვირებულ პროდუქტს შორის მოხვდა კიტრი, ატამი და მსხალიც.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.