GDI-ის განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ მიხეილ მშვილდაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ მიხეილ მშვილდაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
საქმე 2023 წლის 27 ივნისს მის მიმართ სავარაუდოდ სახელმწიფოს მიერ დაორგანიზებულ არაადამიანურ მოპყრობას ეხება.
მიხეილ მშვილდაძე ევროპულ სასამართლოში დავობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-14 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით.
ევროპულმა სასამართლომ GDI-ს სარჩელის ფარგლებში დაიწყო მიხეილ მშვილდაძის საქმის არსებითი განხილვა, რომელიც ეხება მის მიმართ სავარაუდოდ სახელმწიფოს მიერ დაორგანიზებულ არაადამიანურ მოპყრობას.
საქმე შეეხება 2023 წლის 27 ივნისს მიხეილ მშვილდაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას და საგამოძიებო ორგანოების იმ ქმედება/უმოქმედობას, რომელმაც გამოიწვია მშვილდაძის უფლებების დარღვევა.
თავდასხმის შედეგად მომჩივანმა მიიღო არაერთი ფიზიკური დაზიანება. იმავე დღეს თავდამსხმელმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღიარა, რომ თავს დაესხა მომჩივანს მისი ეკლესიის მიმართ კრიტიკული შეხედულებებისა და ლგბტ პირთა მხარდაჭერის გამო. თავდამსხმელი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული ძალადობისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვის ვადით.
მიხეილ მშვილდაძე ევროპულ სასამართლოში დავობს, რომ პასუხისმგებელმა სახელმწიფო ორგანოებმა უგულებელყვეს თავდასხმის სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივი და სათანადოდ არ გამოიძიეს მის მიმართ ჩადენილი დანაშაული. ამასთან, მისი მტკიცებით, ჯეროვნად არ არის გამოძიებული ის ფაქტიც, რომ თავდასხმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.
მიხეილ მშვილდაძე ევროპულ სასამართლოში დავობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-14 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით.
ევროპულმა სასამართლომ მხარეებს გამოუგზავნა შეკითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოუწევს. კერძოდ, სასამართლო სვამს შემდეგ შეკითხვებს:
1. დაექვემდებარა თუ არა მომჩივანი არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით? კერძოდ, მონაწილეობდნენ თუ არა სახელმწიფო მოხელეები 2023 წლის 27 ივნისს მომჩივანზე განხორციელებულ თავდასხმაში?
2. არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან დაცვის პროცედურული ვალდებულების გათვალისწინებით, დაარღვიეს თუ არა შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა კონვენციის მე-3 მუხლი მომჩივანზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებისას? კერძოდ:
(ა) მიიღეს თუ არა ხელისუფლების ორგანოებმა ყველა გონივრული და აუცილებელი ზომა მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად და საქმეზე დასამაგრებლად, მათ შორის იმ მტკიცებულებების, რომლებიც ეხებოდა თავდასხმაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების სავარაუდო მონაწილეობას?
(ბ) მიიღეს თუ არა ხელისუფლების ორგანოებმა ყველა გონივრული და აუცილებელი ზომა მომჩივანზე განხორციელებული თავდასხმის შესაძლო დისკრიმინაციული მოტივის გამოსავლენად და დასადგენად?
3. იყო თუ არა მომჩივანზე განხორციელებული თავდასხმა დაკავშირებული მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან? თუ კი, წარმოშობდა თუ არა ეს გარემოება სახელმწიფოს პოზიტიურ და/ან პროცედურულ ვალდებულებებს კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში? შესრულდა თუ არა აღნიშნული ვალდებულებები მოცემულ საქმეში?
4. განიცადა თუ არა მომჩივანმა დისკრიმინაცია პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების საფუძველზე, კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევით, მე-3 მუხლთან ერთობლიობაში?
მიხეილ მშვილდაძის საქმეზე ხელისუფლება ვალდებულია ევროპულ სასამართლოში წარადგინოს წერილობითი პოზიცია, სადაც უპასუხებს ზემოაღნიშნულ შეკითხვებს," - წერია განცხადებაში.